workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაიცანით “ლევანტე” – “ვალენსიას” ჩრდილს შეფარებული მრისხანე მეტოქე “ბარსასთვის”

გაიცანით “ლევანტე” – “ვალენსიას” ჩრდილს შეფარებული მრისხანე მეტოქე “ბარსასთვის”

“ბარსელონა” ხვალ “ლევანტეს” ესტუმრება, გუნდს, რომელიც არც ისე პრინციპული მეტოქეა, როგორიც “ესპანიოლი” ან მადრიდის “რეალი”, მაგრამ მასთან წინა სეზონის ანგარიში აქვს გასასწორებელი და სხვა რიგითი დაპირისპირებებისგან მაინც გამოირჩვევა. მომდევნო თვეში კი, ერთი კვირის განმავლობაში, კატალონიელები ამ გუნდს კიდევ ორჯერ, ესპანეთის თასის ეგიდით შეხვდებიან და უფრო გაუშინაურდებიან. ასე რომ, ღირს უკეთესად ვიცნობდეთ გუნდს, რომლებიც “ბაყაყების” მეტსახელით არიან ცნობილნი და რომლებიც ყველაზე მეტად თანაქალაქელ “ღამურებს” არ ეხატებათ გულზე. 

ისტორია

“ლევანტე” 1909 წელს დაარსდა. ეს სახელი აღმოსავლეთს ნიშნავს და კლუბს იმიტომ დაარქვეს, რომ ის ვალენსიის რეგიონის აღმოსავლეთითაა განთავსებული. 

“ლევანტემ” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გარკვეული პერიოდი 1960-იან წლებში გაატარა, ამის შემდეგ კი დაქვეითდა და მეოთხე ლიგასაც მიაღწია. საინტერესოა, რომ კლუბის მაისურით ლეგენდარული იოჰან კრუიფი სწორედ ამ დროს თამაშობდა. 

ვალენსიელები პრიმერა დივიზიონს 2004 წელს დაუბრუნდნენ და მას შემდეგ, აქ მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობენ. მათი მაქსიმუმი მე-6 ადგილი იყო, რომელსაც ამ წუთისთვისაც იკავებენ. 

ფერები

უდავოა, რომ არსებობის თითქმის მთელი პერიოდი “ლევანტემ” “ვალენსიას” ჩრდილქვეშ გაატარა, თუმცა ის ამ კლუბზე უფრო ადრე შეიქმნა.

1939 წელს, “ლევანტე” “ჟიმნასტიკოსთან” გაერთიანდა. ახალმა გუნდმა ის სახელი შეინარჩუნა, რომლითაც დღესაა ცნობილი, სამაგიეროდ კი, “ლევანტემ” საკუთარი ფერები დათმო. ვალენსიელებმა მიიღეს ლურჯი და წითელი, რომელიც, თავის დროზე, “ჟიმნასტიკომ” სწორედ “ბარსელონასგან” აითვისა. ეს კატალონიელი იეზუიტის, ნარსის ბასტეს დამსახურებაა. 

სტადიონი

“სიუტატ ვალენსია” 1969 წელს გაიხსნა და დღეისთვის, 26 354 მაყურებელს იტევს. 

წინა სეზონის გამოცდილების გათვალისწინებით, “ბარსელონას” გულშემატკივრებს უფლება აქვთ, ეს მოედანი მოჯადოებულად ჩათვალონ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე პრეტენზია ადრე უკვე გამოითქვა: 2005 წელს, “მალაგას” ფეხბურთელმა, დუდამ, ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და თავი იმით გაიმართლა, რომ კარს უკან მოჩვენება დაინახა. 

ვერ გეტყვით, რამდენადაა მოჩვენებების ბრალი ის, რომ “ბარსამ” “ლევანტესგან” 5 გოლი გაუშვა, შეგვიძლია, ეს მცველებს და მარკ ტერ შტეგენსაც ვკითხოთ. თანაც, არც ისე წყნარ ვალენსიურ საღამოს საშიში შესახედაობის მქონე ბაყაყის დანახვამ საგოლე შანსების გამოყენებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. ღამურა რომ ყოფილიყო, კიდევ სხვაა. 

ურთიერთშეხვედრები

“ლევანტეს” “ბარსა” ორჯერ ყავს დამარცხებული. 60-იან წლებში კატალონიელებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო შედეგი დაფიქსირდა – 5:1, 2004 წელს კი, ვალენსიელებმა 1-0 იმარჯვეს.

ამის მიუხედავად, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს. “ბაყაყების” პრიმერა დივიზიონში დაბრუნების შემდეგ, “კამპ ნოუს” ბინადრებმა მეტოქესთან 19 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს და თუ უკანასკნელ შეხვედრას არ ჩავთვლით, 720 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. 

ფორმა

საწყის 6 ტურში მხოლოდ 4 ქულის აღების შემდეგ, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ შუა სეზონში “ლევანტე” ევროტურნირების ზონაში იქნებოდა. ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა აშკარად მოუმატა და არაერთი მატჩი მოიგო, მათ შორის სტუმრად ესპანეთის დედაქალაქში, “ბარსელონას” დაძინებულ დაუძინებელ მტერთან. 

სტატისტიკა

“ლევანტეს” საკმაოდ კარგი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვს. “ბარსელონას” შემდეგ, ისინი ორ კომპონენტში ლიდერობენ: თუ კატალონიელებს არ ჩავთვლით, მათ ყველაზე მეტი წუთი აქვთ გატარებული ისე, რომ ტაბლოზე მათთვის სასარგებლო ანგარიში იყო დაფიქსირებული. მათ კარგი რეალიზაციის მაჩვენებელიც აქვთ: დარტყმების 19.3%-ს გოლად აქცევენ. 

სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ ვალენსიელების კარამდე მისვლა და ბურთის კარის მიმართულებით გაგზავნა არც ისე ძნელია. მათ 319 დარტყმასთან გამკლავება მოუხდათ, ასეთი შედეგი კი ლა ლიგაში ბევრს არავის აქვს. 

ფეხბურთელები

“ლევანტეს” ღირსებას იცავენ ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსელონასთან”, უფრო მეტად კი, გუნდის აკადემიასთანაც ასოცირდებიან. 

მეკარე ოიერ ოლასაბალი “ბარსაში” 2007-14 წლებში გამოდიოდა. მან დროის უმეტესი ნაწილი სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში გაატარა, ბოლოს კი ძირითადი გუნდის მე-3 კიპერის საპატიო, მაგრამ პრაქტიკულად გამოუსადეგარი სტატუსიც ჰქონდა. 

“ლა მასიას” წევრი რუბენ როჩინაც იყო, თუმცა ის “ბარსელონას” გულშემატკივრებზე უფრო, “ბლექბერნ როვერსის” ფანებს ემახსოვრებათ. 

თუ ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვა რამით გამოირჩევიან, როხერ მარტი უნდა ვახსენოთ – ამ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით. არ უნდა დაგვავიწყდეს (განსაკუთრებით, “ბარსას” მცველებს) ემანუელ ბოატენგი, არც ჯარიმების ოსტატი ენის ბარდი. მათ “ბლაუგრანას” კარში გატანის გამოცდილება აქვთ. 

მწვრთნელი

პაკო ლოპესის, როგორც ფეხბურთელის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება, მწვრთნელის რანგში კი მან სერიოზული რეპუტაცია შეიძინა. პაკო “ვილიარეალის” აკადემიაში მუშაობდა, შემდეგ “ლევანტეს” ახალგაზრდულ გუნდში მივიდა, სადაც თავი გამოიჩინა და გასულ გაზაფხულს პირველი გუნდის მენეჯერიც გახდა. დებიუტიც ისეთი ჰქონდა, რომ “ბაყაყებთან” ერთად უკეთესს ძნელად თუ ინატრებ: ის მატჩი, რომელიც უკვე ვახსენეთ. 4 გოლის გაშვება არც ისე კარგია, მაგრამ “ბარსელონას” თუ 5-ჯერ გაუტან, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს. 

ლოპესის მოსვლის შემდეგ, “ლევანტემ” ძალიან მოუმატა და სეზონის მეორე ნახევარში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ სეზონის სტარტიც კარგია, მაგრამ როგორც ერნესტო ვალვერდემ თქვა, “ბარსელონა” უმაღლესი მიზნისთვის იბრძვის და “ლევანტეს” ამისთვის ხელის შეშლის საშუალება არ უნდა მიეცეს, მნიშვნელობა არ აქვს, მათ მოჩვენებები დაეხმარებიან, მოტივირებული ფეხბურთელები თუ მთავარი მწვრთნელი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2018, 20:11
    #4

    "ლევანტემ" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გარკვეული პერიოდი 1960-იან წლებში გაატარა, ამის შემდეგ კი დაქვეითდა და მეოთხე ლიგასაც მიაღწია. საინტერესოა, რომ კლუბის მაისურით ლეგენდარული იოჰან კრუიფი სწორედ ამ დროს თამაშობდა.
    თუ არ ვცდები კრუიფი ბარსაში 1974-ი გადმოვიდა, 60-იანებში აიაქსში თამაშობდა.

  • Cule Is Always Elegant
    schedule 16 დეკ 2018, 12:15
    #3

    გამოკითხვა მომწონს smile
    დაამარცხებს ლევანტე ბარსას?
    არა
    გაუჭირდება
    ვერა smiley
    მეოთხეც უნდა დაგემატებინათ: შანსი არაა

  • NN
    schedule 15 დეკ 2018, 23:56
    #2

    Kenchisyra rodisaa?

  • „Més que un club“
    schedule 15 დეკ 2018, 23:09
    #1

    მოიცა იასპერ სილესენი რა შუაშია მაგ მატჩში შტეგენი იდგა კარში