“ბარსელონას” მსგავსად, ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩები სატურნირო ცხრილის პირველ ხუთეულში მყოფმა სხვა გუნდებმაც გამართეს.
“ატლეტიკომ” მძიმე ბრძოლაში ბილბაოს “ატლეტიკი” 3-2 დაამარცხა; “ალავესმა” აუტსაიდერ “უესკას” 2-1 მოუგო; ახლახანს კი “სევილიას” და “ესპანიოლის” დაპირისპირება დასრულდა.
გამარჯვების შემთხვევაში, “ესპანიოლი” “ბარსას” ქულებით გაუთანაბრდებოდა და მასთან ერთად, პირველ ადგილს გაიყოფდა. ამისკენ პირველი ნაბიჯი ბორხა იგლესიასმა გადადგა, რომელმაც მასპინძლების კარი 38-ე წუთზე აიღო და სტუმრებს პირველი ნახევარი მოაგებინა. თუმცა, კატალონიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მატჩის 70-ე წუთზე, გაბრიელ მერკადომ ანგარიში გაათანაბრა, 89-ზე კი ვისამ ბენ იედერმა “სევილია” დააწინაურა. საბოლოოდ, 3 ქულა ანდალუსიელებმა აიღეს.
ახლა, ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი მდგომარეობაა:
24 ქულიან ლიდერ “ბარსელონას” ერთი ქულით სამი კლუბი ჩამორჩება: “სევილია”, “ატლეტიკო”, და “ალავესი”. მეხუთე ადგილზე 21 ქულით “ესპანიოლია”, მადრიდის “რეალი” კი, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, ხუთეულში შესვლას გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ მოახერხებს.
