იმ ფაქტმა, რომ ფილიპე კოუტინიო გერმანიაში “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ სათამაშოდ არ გაემგზავრა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს მისი “ბარსელონაში” გადასვლის მომასწავებელი იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობს “ლივერპულის” კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი.
ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, მას კოუტინიოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს რამდენიმე კითხვა.
ჰენდერსონმა განმარტა, რომ ბრაზილიელის არყოფნა არა მოსალოდნელ ტრანსფერთან, არამედ ზურგის ტრავმასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს კოუტინიო უკვე რამდენიმე მატჩის განმავლობაში მოედანზე გამოსვლას.
მან ასევე კოუტინიოს გადაწყვეტილებაზე მის მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
“ერთადერთი, რაც მე შემიძლია, კოუტინიოსთან დალაპარაკებაა. ის ჩემი თანაგუნდელია და ჩვენ ერთმანეთის აზრს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მე მას აზრს შევაცვლევინებ.
რა საკვირველია, მე ფილის დარჩენა მინდა, რადგან ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენ.” – განაცხადა ჰენდერსონმა.