ალბათ, ყველასთვის ცნობილია მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოსა და ხიხონის “სპორტინგის” თავკაცის, მანოლო პრესიადოს დაპირისპირების შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაღვივდა, რაც “განსაკუთრებულმა” თავისი ხიხონელი კოლეგას “ბარსას” წინააღმდეგ ძალების “განსაკუთრებულ” დაზოგვაში დასდო ბრალი. მარტივი ენით რომ ვთქვათ, “ბარსელონას” პორტუგალიელმა “ნათარჯიმლარმა” ულვაშა მანოლო კატალონიელთათვის თამაშის “მიცემაში” დაადანაშაულა (აღნიშნულ მატჩში “ბარსამ” 1–0 იმარჯვა დავიდ ვილიას გოლის წყალობით).
სიტუაცია განსაკუთრებით “რეალი”–”სპორტინგის” მოახლოებული მატჩის წინ გამწვავდა, რადგანაც პრესიადომაც გადაწყვიტა არ მოეთმინა უმცროსი კოლეგის თავგასულობა და აგორდა მცირე სკანდალი, რომელთა მსგავსში მოხვედრაც უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სეუ ჟოსესთვის. ამ მატჩის შემდეგ (რომელშიც მადრიდელებმა ასევე 1–0 იმარჯვეს) დაპირისპირება ნელ–ნელა ჩაწყნარდა, მაგრამ აბა მარკას ჟურნალისტები რისი ჟურნალისტები იქნებოდნენ ამგვარი მსუყე მასალა კლასიკოს წინ რომ არ გაეშვათ პირველ გვერდზე სათაურით: “პრესიადოს “ბარსას” გამარჟვება სურსო.” სწორედ კლასიკოსა და “მარკას” აღნიშნულ ნომერზე გააკეთა კომენტარი ბატონმა მანოლომ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან:
ხიხონის “სპორტინგის” მთავარმა მწვრთნელმა, მანოლო პრესიადომ კომენტარი გაუკეთა კლასიკოს, რომელშიც კატალონიელებმა მადრიდელები 5–0 გაანადგურეს ნოუ კამპზე. ” ამ მატჩის ყურებისას ნამდვილად ვერ მოიწყენდი. მე არასდროს არ ვმალავ ჩემს გრძნობებს. მატჩის დღეს “მარკას” გარეკანზე მე მოვკარი თვალი ერთ შესანიშნავ ფოტოს, რომელზეც ეწერა, რომ მე მინდოდა “ბარსას” გამარჯვება. მაშინ მე არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ვამბობ რომ: დიახაც, ასე იყო!”
პრესიადო არ მალავს თავის სიმპატიებს “ბარსელონას” მიმართ: ” ეს იმის დამსახურება არ არის, რომ მე რეალის საწინააღმდეგო მაქვს რამე. მე უბრალოდ მომწონს “ბარსა”, მე ვფიქრობ, რომ ის არის საუკეთესო და ამიტომაც იმსახურებდა გამარჯვებას. დარტყმა, რომელიც მათ მადრიდს მიაყენეს, მართლაც რომ შეუდარებელი იყო. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ასე გააგრძელებს, მას თავისუფლად შეუძლია, გახდეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი! რაც შეეხება კატალონიელთა უპირატესობას, ეს არც გამკვირვებია, განსხვავებით ასეთი გამანადგურებელი ანგარიშისა, რომელსაც ნაკლებად მოველოდი. მეც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ რეზულტატი ასეთი გამანადგურებელი და მრავლისმეტყველი იქნებოდა.
პრესიადომ აქვე აღნიშნა, რომ მას სულაც არ სურდა მაურინიოს გუნდის 5 ბურთის სხვაობით დამარცხება: “ბევრ სისულელეს ამბობენ. რაღაც მსგავსი ჩემმა ერთ–ერთმა ნაცნობმაც თქვა, მაგრამ ამის მიუხედავად მე მას მაინც ვცემ პატივს (ალბათ, მიხვდებით ვინც იგულისხმება და რა კონტექსტშიც–რედ.). მადრიდის “რეალმა” ითამაშა თავის საუკეთესო დონეზე, მათ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მაგრამ მადრიდელებს დაუპირისპირდა ძალიან ძლიერი, საოცარი და არამიწიერი შესაძლებლობების მქონე გუნდი, რომელიც იყო ერთი თავით ძლიერი თავის ვიზავიზე”–განმარტა მანოლო პრესიადომ.
წყარო: barca.ru
მოდით, ერთი–ორი სიტყვით შევეხოთ მიმხრობების, მიცემების, “გაჩალიჩებებისა” და მსგავს თემებსაც. ასეთი თემები საკმაოდ დელიკატურია, რადგანაც მათი დოკუმენტური დასაბუთება ხშირ შემთხვევასი ვერ ხერხდება, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დედუქციურად ვიმსჯელოთ და შედეგად გამოვიტანოთ რეალობასთან უფრო ახლოს მყოფი დასკვნები. ვფიქრობ, ასევე არ შეიძლება მსაჯების კონკრეტულ შეცდომებზე გამოკიდება, ისეთებზე, როგორიც მაგ; გუშინ ალბელდას უსამართლო გაძევება იყო. მსაჯი ყოველთვის ცდება და თითოეულ შეცდომაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება და შეთქმულების თეორიების ძებნა, თუ მათ სისტემატური სახე არ აქვთ. ცოტა სხვაგვარადაა საქმე ფეხბურთის ფედერქაციასა და სადისციპლინო კომიტეტთან დაკავშირებით, რომლების დაწვრილებითი განხილვების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს და არა მსაჯივით მატჩის მიმდინარეობისას, დინამიკაში. ამის გამო, მათი გაცილებით მეტი სიზუსტე და სამართიანობა მოეთხოვებათ.

განვიხილოთ სწორედ ზემოთხსენებული ორი ორგანოს ბოლო კვირაში მიღებული გადაწყვეტილებები: 1) სერხიო რამოსის დისკვალიფიკაციის ვადების განსაზღვრა: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, ალბათ, თვით მადრიდელი გულშემატკივრებისთვისაც კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, მისცა რა “რეალის” ვიცე–კაპიტანს მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია კლასიკოში ჩადენილი “სამსერიიანი” უმსგავსობის გამო. 2) გუშინდელი მარაზმი (გუშინდელი მოვლენების უკეთესად აღმწერ სიტყვას ვერ ვპოულობ), როდესაც კატალონიელებს ფედერაცია მთელი დღის განმავლობაში ჰპირდებოდა მატჩის გადადებას და საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს მათ, რომ მატჩზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდნენ. კატალონიელებს მხოლოდ იმდენი დრო მისცეს, რამდენიც პამპლონაში ჩასასვლელად იყო საკმარისი, ვარჯიშსა და დასვენებაზე ზედმეტია ლაპარაკი.
ვფიქრობ მრავლისმეტყველი ფაქტებია, ვისთვისაც არაფრისმთქმელია, სცადოს კიდევ ერთხელ გადაკითხვა. როგორც უკვე აღვნიშნე, ალბათ, ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ ეს იყო განზრახ მიმართული აქტები ერთი მხრივ “რეალის” სასარგებლოდ და მეორე მხრივ “ბარსელონას” დასაზარალებლად, მაგრამ ისიც აღვნიშნე, რომ თითოეულ ამ ფაქტს ვერ ექნება მომავალში შეცდომის სტატუსი და გამართლება, რადგანაც ეს გადაწყვეტილებები ფედერაციაში ხანგრძლივი სჯა–ბაასისა და სატელეფონო საუბრების შემდეგ მიიღეს (რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ ერთი ყურმილით “ბარსელონას” ეკონტაქტებოდნენ და მატჩის გადადება არგადადების თემით გზა–კვალს ურევდნენ, ხოლო დანარჩენი თეთრი ბურუსითაა მოცული…
თორნიკე რაზმაძე
