პამპლონის “ოსასუნას” მეკარე რიკარდომ ისაუბრა “ბარსელონასთან” მატჩის შესახებ. მისი თქმით იგი ძალიან აღელვებულია და ფიქრობს, რომ მას და მის გუნდელებს დიდი გამოცდა ელით წინ: “მე ვფიქრობ, რომ მე თამაში მიწევს მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან. ძალიან რთული მატჩი გველის.”
კითხვაზე, ის ნერვიულობდა თუ არა იმის გამო, რომ მისი გუნდის მოწინააღმდეგემ ნოემბრის თვეში 28 გოლი გაიტანა, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ატლეტიკოს” ყოფილმა მეკარემ განაცხადა: “ფეხბურთში მე არასოდეს მეშინია. სტადიონი სავსე იქნება, ხალხი მხარს დაგვიჭერს და თანაგუნდელები გვერდში ამომიდგებიან. შარშან ჩვენ “ბარსას” წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და შევეცდებით წელსაც იგივე გავიმეოროთ. ჩვენ გვაქვს, რაღაც საიდუმლოებები “ბარსას” წინააღმდეგ, რასაც არ ვიტყვით.“
რიკარდომ ასევე თავისი აზრი გამოთქვა “კლასიკოს” შესახებ: “ყველა “კლასიკო” ისტორიულია. მათ გაიტანეს 5 გოლი, რადგან თამაში წაუვიდათ. ისინი იტანენ, შენ ხსნი თამაშს და ბოლოს ნადგურდები.ჩვენთვის მთავარია, რომ სწრაფი გოლი არ გავუშვათ. “ბარსელონა” ყველა მატჩში მოსაგებად გადის. ისინი გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა “რეინოზე” თამაში ძალიან გაუჭირდებათ. მათ არ სურთ არცერთი ქულის დაკარგვა, რადგანაც ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ჩემპიონობისთვის ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს,” დაასრულა რიკარდომ.
წლევანდელ სეზონში, გამოცდილმა მეკარემ 14 გოლი გაუშვა და 4 სეივი განახორციელა.
