(ამ მატჩის გოლებით ყველაზე კარგი და ემოციური ვიდეოა, რომელიც კი სადმე დევს ჯერჯერობით)
სწორედ ეს იყო ამ თამაშში კატალონიელთა გადამწყვეტი ტაქტიკური უპირატესობა, რომ აღარაფერი ვთქვათ საშემსრულებლო ოსტატობაზე. “ბარსას” თითოეული ფეხბურთელი ერთი თავით აღემატებოდა ოპონენტს თითქმის ყველა სიტუაციაში. შევეხოთ ფსიქოლოგიურ მხარესაც. მადრიდელები აშკარად დაბნეულები და მოუმზადებლები ჩანდნენ, უჭირდათ თამაშის თავის თავზე აღება და აკლდათ სილაღე.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე განსაკუთრებულად შერცხვენილი “განსაკუთრებულის” ინტერვიუ, რომელშიც აცხადებდა, რომ 5–0 არ არის ის ანგარიში, რომელიც ძალათა თანაფარდობას რეალურად ასახავსო. ამ ფრაზის ორგვარად გაგება შეიძლება. ერთი ისე, რომ “ბარსა” ბევრად ძლიერია და მადრიდელები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ მეტი ბურთი არ მიიღეს საკუთარ კარში (რისი გაგონებაც წარმოუდგენელია მაურინიოსგან) და მეორე ისე, რომ კატალონიელებმა გოლები კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტუაციებში გაიტანეს. მე სვხა ვერსიას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, აქ 5 გოლზე მეტად მადრიდელებს ის უნდა აწუხებდეთ, რასაც მათ კატალონიელები უკეთებდნენ მოედანზე, განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში. იცით, მატჩის ბოლოს გამახსენდა მაურინიოს სიტყვები, რომლებიც კრუიფის მისამართით ისროლა: არ მსურს რომ კრუიფმა მასწავლოს, როგორ წავაგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 4:0–იო (აზრი ასეთი იყო). სეუ ჟოზე, იქნებ მაინც დაკავშირებოდი მფრინავ ჰოლანდიელს შედეგების თუნდაც ერთი გოლით გასაუმჯობესებლად…
შეიძლება ბევრმა ირონიულობაში დამდოს ბრალი, მაგრამ ჩემ ნათქვამში იმაზე მეტი ირონია ნამდვილად არაა, რაც ზემოთ მოყვანილ ფრაზაში და იმაში რაც რამდენიმე საათის წინ ვიხილეთ, ვგულისხმობ კლასიკოს, რომელშიც კატალონიელები ზუსტადაც რომ ირონიულად ექცეოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეს და საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს მათ. ვინც ობიექტური მიზეზებისგან გამოწვეული ძლიერი შოკის გამო, ეს მომენტები გამოტოვა, შეუძლია მოიძიოს ვიდეომასალა და განმეორებით იხილოს, არა მხოლოდ შემტევი კვინტეტის, არამედ თვით ბუსკეტსისა და აბიდალის დამცინავი სათამაშო ეპიზოდები. ასეთი საფეხბურთო შეურაცხყოფა კატალონიელებს თვით ალმერიასთვისაც კი არ მიუყენებით წინა ტურში. სწორედ ეს იყო პასუხი მადრიდელთა უხეშ მოქმედებებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ანგარიშში უიმედო ჩამორჩენით იყო გამოწვეული.
ვფიქრობ, ამ მატჩმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი. ბევრი მითი და კერპი დაიმსხვრა “განსაკუთრებულად,” ყველაზე ცხადად ყველაფერზე მიანც ის მეტყველებს, რაც ფურცლებზე წერია და რასაც გვერდს ვერავინ აუვლის. “ბარსამ” ზედიზედ მეხუთე კლასიკოში იმარჯვა და თანაც ეს ისე გააკეთა თითოეულ მათგანში, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია, თვით აგრერიგად ენაკვიმატმა პორტუგალიელმაც კი ვერ შესძლო თავის გამართლება მატჩის შემდეგ. გაიხსენეთ რამდენი მილიონი დახარჯეს მადრიდელებმა ბოლო ორ სეზონში ტრანსფერებით გუნდის გასაძლიერებლად, შემდეგ ეს ციფრი გაამრავლეთ იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობის გოლებიც მათ “ბარსას” კარში გაიტანეს ამ ორი წლის განმავლობაში (უკანასკნელი სამი კლასიკო) და დამიჯერეთ, “რეალის” პროგრესის ზუსტ აღმნიშვნელ ციფრს მიიღებთ…
თორნიკე რაზმაძე
