მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში “ბარსელონას” ფეხბურთელების დიდი რაოდენობით ყოფნის ერთ-ერთი შესაძლო შედეგი 2026-27 წლების სეზონის ლა ლიგის პირველი ტურის გადადებაა. საამისოდ საკმარისია, რომ ესპანეთის, საფრანგეთის ან ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გავიდეს. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მსგავსი შემთხვევებისთვის მოქმედების პროტოკოლი უკვე დააანონსა.
ტებასის პროტოკოლი და დასვენების დღეები
ტებასმა დაადასტურა, რომ ყველა იმ კლუბს, რომელსაც მუნდიალის ნახევარფინალში ერთი ფეხბურთელი მაინც ეყოლება, ჩემპიონატის დაწყება ავტომატურად გადაუვადდება:
“ყველა მოთამაშისთვის შესრულდება ის, რასაც AFE-ს კოლექტიური ხელშეკრულება ითვალისწინებს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს 3-კვირიანი დასვენება და მოსამზადებლად კიდევ 3 კვირა ეკუთვნით.”
10 ფეხბურთელი და 3 ნაკრები
უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონას” მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 10 ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სამ სხვადასხვა ნაკრებში არიან გადანაწილებულნი და ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ: პაუ კუბარსი, პედრი, ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, გავი, ერიკ გარსია და ჟოან გარსია (ესპანეთი), ჟიულ კუნდე (საფრანგეთი) და ენტონი გორდონი (ინგლისი). პირველი ტურის გადასადებად საკმარისია, რომ ამ სამი ნაკრებიდან რომელიმე ნახევარფინალში გავიდეს.
“ბარსელონას” პირველი ტურის მატჩი “ბილბაოს” წინააღმდეგ 15 და 16 აგვისტოს შაბათ-კვირას, “სპოტიფაი კამპ ნოუზეა” დაგეგმილი. როგორც თავის დროზე ტებასმა განმარტა:
“გადადებული პირველი ტური შესაძლებელია ჩემპიონატის მეორე და მესამე ტურებს შორის გაიმართოს.”
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” პირველი თამაშის გადადება საჩემპიონო რბოლაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან თითქმის იგივე მდგომარეობაშია “რეალ მადრიდიც”. ვინაიდან “ბლანკოსს” წარმომადგენელი საფრანგეთის ნაკრებშიც ჰყავს, ინგლისშიც და ესპანეთშიც, “ბარსელონას” თამაშის გადადება ავტომატურად ნიშნავს “რეალ მადრიდის” თამაშის გადადებასაც. განსხვავება ისაა, რომ თუ სამივე ეს ნაკრები სენსაციურად გამოვარდება, “ბლაუგრანას” პირველი ტურის თამაში გეგმის მიხედვით ჩატარდება, მადრიდელების კი ნებისმიერ შემთხვევაში გადაიდება, რადგან დედაქალაქელებს წარმომადგენლები მაროკოსა (საფრანგეთის მეტოქე) და ბელგიაშიც (ესპანეთის მეტოქე) ჰყავთ.
კომენტარები (0)