workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთი ბლატერისეულად

ფეხბურთი ბლატერისეულად

2001 წელს, მარკეტინგული სააგენტო ISL/ISMM (ფიფას სტრუქტურაში შემავალი კომპანია), თაღლითობასა და გამოძალვაში ამხილეს. ამბობდნენ, ამ კანტორის მოხერხებულმა ვასლებმა თანამდებობის პირები მოქრთამესო. ამას გარდა, 300 მილიონ დოლარიანი ვალი დააგროვეს და საკუთარი თავი ბანკროტად გამოაცხადეს.

მაშინ, ბლატერის მოადგილე საკუთარ შეფს ამ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობაში სდებდა ბრალს და თქვენ წარმოიდგინეთ, კომპრომატების მთელი დასტაც კი მოაგროვა. თუმცა, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მიშელ ზენ-რუფენენი, ასე ერქვა იმ კაცს, უმალ ჩამოიშორეს გზიდან.

ზემოხსენებული სკანდალი, ფიფას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანად იქცა და სერიოზული კრიზისის მომასწავებელი გახდა. სისხლის სამართლის 228 გვერდიანი საქმე ორი წლის უკან გადაეცა სასამართლოს, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა. ხოლო ბლატერი ჩვეულებისამებრ ამ საქმიდან სუფთა გამოძვრა.

უფროსი, რა თქმა უნდა არაა საქმის კურსში მაშინ, როდესაც მის ორგანიზაციაში ასეთი მასშტაბების ქურდობა ხდება.

სად იპოვა მსოფლიო ფეხბურთმა ასეთი მეთაური? თავდაპირველად, მშობლიურ შვეიცარიაში მიიღო კარგი განათლება, თუმცა თავი მალევე წარმოაჩინა არასანდო ადამიანად – სისტემატურად იცვლიდა სამუშაო ადგილს, რათა “ქერის ორმოსთვის” მიეგნო.

ამბიციურმა ზეპმა, ჟურნალისტად, ტურისტულ ფირმაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად და შვეიცარიის ჰოკეის ფედერაციის გენმდივნად მოასწრო მუშაობა. მოგვიანებით, საათების მწარმოებელი სახელგანთქმული კომპანიის წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ასე მოხვდა იგი სპორტში.

ფეხბურთთან ბლატერს არანაირი შეხება არ ჰქონია, იმას თუ არ ჩავთვლით ბავშვობაში ეზოში თანატოლებთან რომ აგორებდა ბურთს. საათების კომპანია ოლიმპიადებზე ქრონომეტრაჟით იყო დაკავებული და ბლატერმა სწორედ მაშინ იგრძნო დიდი ფულის სუნი.
გაუგებარია, ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი როგორ მოხვდა ფიფაში, მაგრამ… 1975 წელს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ტექნიკური დირექტორი წარუდგინა საზოგადოებას. მოგვიანებით, ჟოაო აველანჟმა ის გენერალურ დირექტორად აქცია.
1998 წელს, ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნებმა სკანდალური სახე მიიღო. უეფას პრეზიდენტმა იუჰანსონმა, საკუთარი ოპონენტი კენჭისყრაში მონაწილე დელეგატების მოსყიდვაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ერთ-ერთი ჩინოვნიკი ამტკიცებდა, ბლატერის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემთხვევაში 100 ათას დოლარს მპირდებოდნენო.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ 2007 წელს, იმ ადამიანს, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ყველა სადავე იგდო ხელთ, ფიფას 207 წევრიდან მხოლოდ 66-მა მისცა ხმა, მაგრამ მთავარი ფსონი ბლატერმა სწორად გააკეთა – აფრიკელი დელეგატები მსოფლიო თასით მოისყიდა.

ეს ის ადამიანია, რომელიც თავის ხალხს, არბიტრებსა და ჩინოვნიკებს, თვალის დაუხამხამებლად წირავს. მუნდიალზე არბიტრებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხსნიან უფლება-მოსილებას. ყველა ცოდვას მათ ჰკიდებენ კისერზე. ამჯერად, ლარიონდა, როზეტი და ლანუა დაზარალდნენ. და კიდევ პატარა, ყველასთვის უინტერესო კულიბალი.

ბლატერი ფიფას იმდენად კარგი პრეზიდენტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონების, იტალიელების დაჯილდოვების ცერემონიალს არ დაესწრო. მართლაც რომ, ენითაღუწერელი სითავხედე და უპატივცემულობაა. იუმორის გრძნობაც სპეცეფიური აქვს. ირლანდიას საჯაროდ დასცინა, მსოფლიო ჩემპიონატზე 33-ე გუნდად დაგიშვებთო. აღარაფერს ვამბობ, ცოტა ხნის წინ ინგლისისა და მექსიკისთვის მოხდილ ბოდიშზე.

თავად, ყველაფრით კმაყოფილია – მსაჯების შეცდომები ფეხბურთს არ კლავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ცალკეული გუნდები ზარალდებიან. შედეგზე ზეგავლენის მოსახდენი ბერკეტები ბლატერს აქვს – ეს მსაჯების სამუშაოა.
2003 წელს, ზეპმა ქალი ფეხბურთელები განარისხა. ბლატერი ინიციატივით გამოვიდა, მოდით სუსტი სქესის ფეხბურთელებს მოტკეცილი შორტები და დეკოლტეები ჩავაცვათო. ეს ყველაფერი მაყურებლების მოზიდვას და შესაბამისად, ქალთა ფეხბურთიდან მიღებული მოგების გაზრდას ისახავდა მიზნად. ცოტა ხნის წინ ევროკავშირს ებრძოდა – შრომითი კანონმდებლობის შეცვლა და უცხოელი ფეხბურთელების უფლებების შებღალვა სურდა.

ბლატერს ინგლისური პრემიერლიგაც არ მოსწონს, იქ ხომ არ აქვს მოგებიდან საკუთარი წილი. შეძლებული სტრუქტურის გვერდით ყოლას კი ვერ იტანს. სწორედ ამიტომაა, საფეხბურთო საქმეებში სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფალთა ჩარევის შემდეგ, დისკვალიფიკაციით რომ იმუქრება მუდმივად.

ბლატერის საფეხბურთო აღსრულებანი საეჭვოა. ოქროს გოლი, ვერცხლით შეცვალა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები უკვე შესარჩევ ციკლში იღებენ მონაწილეობას. როგორც ჩანს, ფარული ჰომოფობია. გოლის აღნიშვნისას, ფეხბურთელებს, რატომღაც მაისურების გახდა აუკრძალა. მიღებული გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა, არ მინდა იმ ერების ტრადიციების მიმართ გამოიხატებოდეს უპატივცემულობა, სადაც კაცებს გახდა ეკრძალებათო.

ასეთი ერის პოვნა მართლაც რომ რთულია, თანაც აკრძალვები იქაც მხოლოდ ქალებზე ვრცელდება. აი, ვუვუზელები კი მაყურებელთა უფლებებს არ არღვევს, რადგან ფიფა სამხრეთ აფრიკიდან დიდ ფულს ქაჩავს.

ბლატერის უკანასკნელი ცვლილება შემდეგი გახლდათ – ეროვნულ გუნდებს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მაღლა ბურთის გორება აეკრძალათ. საინტერესოა, ეს სიახლე ბღალავს თუ არა იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც ამ ნიშნულზე მაღლა ცხოვრობენ? ვიდეოგამეორებებზე უარის თქმა ხომ იმით დაასაბუთეს, რომ პინგვინების უფლებები ირღვეოდა, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენების სახსრები არა აქვთ.

და რა ვუყოთ ბოლივიელებს, პერუელებს, კოლუმბიელებსა და ეკვადორელებს? როგორ ჩანს, მათი უფლებები არავის ანაღვლებს.
სანამ ფინანსური სარგებელი არ არის, ზეპი სახელგანთქმული “ადამიანური ფაქტორის” მხარდამჭერად რჩება. ანუ, მსაჯის ყველა გადაწყვეტილება, მაშინაც კი აშკარად სულელური თუა, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ახალი ტექნიკის ტენდერიდან წილის მიღების შესაძლებლობა თუ გამოჩნდება, ზეპი აზრს უმალ შეიცვლის და საკუთარი პროგრესულობით გაგვაოცებს. გასაოცარია, როგორ მოხვდა ეს ადამიანი საფეხბურთო ტახტზე?

ყველას კარგად ესმის, რომ ბლატერი ფეხბურთში შემთხვევითი და ზედმეტი ადამიანია. ცბიერი, პატიმოყვარე და მოხერხებული ყველა იმ საქმეში, რომელიც დიდი ფულს უკავშირდება. მთელი უბედურება იმაშია, რომ ზეპს, გავლენით, სტატუსითა და მოხერხებულობით, ადეკვატური შემცვლელი არ ჰყავს.

ბლატერმა ასობით მომხრე გახადა მილიონერი და ძალაუფლების ვინმესთვის გადაცემას არ აპირებს. არადა, უკვე 74 წლისაა – ასეთი სოლიდური ორგანიზაციის მმართველისთვის აცთუ ისე პროდუქტიული ასაკია.

ზეპის პერსონას მისი პირადი ცხოვრებაც მრავლისმეტყველად ახასიათებს. პირველმა ცოლმა და მისი ქალიშვილის დედამ, ბლატერი მიატოვა, მეორე მეუღლე ქორწინებიდან ერთი წლის თავზე გაექცა. გრაციელა ქმარზე 41 წლით უმცროსი იყო. ერთმა ადამიანმა მაინც მოახერხა მისთვის ფულის დაცინცვლა, განქორწინების შემდეგ ეს ქალბატონი გვარიანად უნდა გამდიდრებულიყო.

ბლატერმა სამუდამოდ მოიპოვა გულშემატკივართა “სიყვარული”. სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც კი კარგად იცნობენ ფეხბურთის მთავარ ავსულს. ნახეთ, რა ლამაზად ხვდება

სახელგანთქმული კალათბურთელი სტივ ნეში მსოფლიო ფეხბურთის ბოსს იოჰანესბურგის აეროპორტში:

[media=http://www.youtube.com/watch?v=mS_Qi8TB3v4]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward