ესპანური “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ ისაუბრა გუშინ გამართულ “ელ კლასიკოზე”. “ბლაუგრანას” ნახევარმცველის თქმით, მის გუნდს პრაქტიკულად შანსი აღარ აქვს იბრძოლოს ესპანეთის ჩემპიონობისთვის, რადგან “რეალი” მთელი 7 ქულითაა წინ გასული, ხოლო სათამაშო მატჩები კი ბევრი აღარ დარჩა.
“ჩემპიონობისთვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენსა და “რეალს” შორის ქულათა სხვაობა დიდია, ხოლო სეზონის დასრულებამდე კი ძალიან ცოტა მატჩიღა დაგვრჩა გასამართი. თავიდანვე ვიცოდით, რომ თასის მოპოვება რთული იქნებოდა, რადგან ყველაფერი მეტოქის ხელში იყო, თუმცა მაინც ვეცადეთ და ვიბრძოლეთ. “ბარსელონას” მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ეს მადრიდელებმა კარგად იცოდნენ. როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, უკვე მოგებაზე ფიქრი დავიწყეთ, მაგრამ სტუმრებმა სწრაფი გოლი გაგვიტანეს, რამაც კვლავ შეგვანელა.”
“ყველა მშვენივრად ვხვდებით, რომ ჩვენი ჩემპიონობის სერია დასრულებულია. არაუშავს, ყოველთვის ვერ მოიგებ. ახლა ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და განვაგრძოთ ცხოვრება. სამშაბათს “ჩელსისთან” უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.” –ციტირებს ინიესტას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.
