კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილმა და პირველი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა, მონაწილეობა მიიღო “ნოვარასა” და “რომას” შორის დაპირისპირებაში. 2 თვის შემდეგ ახალგაზრდა ესპანელი როგორც იქნა დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას. მან გოლის გატანაც მოახერხა. ეს გოლი იმ მატჩში რომაელთათვის რიგით მეოთხე იყო. კრკიჩმა მეტოქის კარის აღების შემდეგ მაისური აიწია და კამერის წინ დადგა. მას ფორმის შიგნიდან თეთრი მაისური ეცვა, სადაც სიტყვა–სიტყვით რომ ვთარგმნოთ, ეს ეწერა: “ამ გოლის ყველა ძალა აბისთან მიდის”. ამ საქციელის გამო მსაჯმა ბოიანს ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან ფეხბურთის წესების თანახმად, ასეთი ქცევით აკრძალულია ნებისმიერი სახის რეკლამის გაკეთება და ხალხისთვის რაიმე მესიჯის გაგზავნა.
ნახევრად სერბ მოთამაშეს ადრეც არაერთხელ უთქვამს, თუ როგორ უყვარს და ენატრება “ბარსელონა” და, რომ სამომავლოდ თუ შანსი მიეცემა დაბრუნებაზე ნამდვილად არ იტყვის უარს. რაც შეეხება აბიდალს, რაღა შეხსენება გინდათ, მას ამ დღეებში ძალიან მძიმე ოპერაცია უნდა გაუკეთდეს და კრკიჩმაც ასეთი ლამაზი საქციელით გაამხნევა ფრანგი მცველი.








