მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

საფეხბურთო სამყაროში დიეგო მარადონას არაერთგვაროვანი რეპუტაცია გააჩნია. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დიეგო უდიდესი ფეხბურთელი იყო და 1986 წელს არგენტინის ეროვნული გუნდი, პრაქტიკულად, მარტომ გააჩემპიონა. სამწუხაროდ, დიდი კამათია მისი პიროვნული თვისებების შესახებ. ერთნი მას ყველაფერს პატიობენ და საკუთარი ქვეყნის უდიდეს პატრიოტად მიიჩნევენ, ოპონენტები კი მარადონას დიად ყალთაბანდად, ნარკომანად და ყოველმხრივ მანკიერ პიროვნებად მოიხსენიებენ. დიეგოს, ცხოვრების მანძილზე კარგი მართლაც, რომ ბევრი გაუკეთებია, მაგრამ საკმაოდ არაორდინალური ადამიანი ბრძანდებოდა და შარშიც თავი ხშირად გაუყვია.

მისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1976 წელს “არგენტინოს ხუნიორსში” დაიწყო და 1997 წელს “ბოკა ხუნიორსში” დასრულდა. მარადონას ბიოგრაფების აზრით, მისი ცხოვრების სწორი გზიდან გადახვევა იტალიურ “ნაპოლიში” დაიწყო, სადაც ეს უკანასკნელი ღმერთივით ჰყავდათ და ყველაფერს პატიობდნენ. ისიც, გათავხედებული პატარა ბიჭივით, ყირაზე გადადიოდა და ნარკოტიკებსაც სწორედ რომ ამ სამხრეთულ ქალაქში დაეჩვია. ლეგენდები დადიოდა მარადონას ღრეობებზე სხვადასხვა რესტორნებში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობაზე და ადგილობრივი მაფიის ბოსებთან ახლო მეგობრობაზე. სხვა ნებისმიერ ფეხმურთელს ციხეში ჩააყუდებდნენ, მაგრამ მარადონა ნეაპოლელთათვის ანგელოზი იყო, ზნედაცემული, მაგრამ მაინც ანგელოზი.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით კონფლიქტურ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა, მაგრამ ის დიდი დიეგო იყო და ეს “საგმირო” საქმეებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. 1990 წელს ჩემპიონთა თასის შეხვედრის ჩასატარებლად “ნაპოლი” მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ადგილობრივ “სპარტაკს” უნდა შეხვედროდა. იტალიური კლუბის დელეგაციას ერთადერთი მოთამაშე აკლდა. ალბათ მიხვდით, თვით დიეგო არმანდო მარადონა. მისი ხილვის იმედი ყველას გადაწურული ჰქონდა, როდესაც მოსკოვში მარადონა კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. დაგვიანების მიზეზი დიეგოს გახანგრძლივებული “კაიფი” იყო. თურმე, არ სურდა საბჭოთა პუბლიკის წინაშე მოუწესრიგებლად გამოსვლა და მანამ არ ჩაფრინდა მოსკოვში, ვიდრე ამ “საინტერესო” მდგომარეობიდან არ გამოვიდა.

ცნობილია, რომ მარადონა საკუთარი შვილებისთვის ჩინებული მშობელია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ დიეგოს თავის დროზე იტალიის საბაჟოზე კოკაინი უპოვეს, თანაც ― ერთ-ერთი შვილის მედალიონში. ყველასათვის ცნობილია, რომ მარადონა ფეხბურთს დოპინგ-ტესტების ჩაფლავებისთვის ჩამოაშორეს, არადა მანამდე უფრო დიდი ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. თუმცა, ერთხელაც დადგა მომენტი, როდესაც ვიღაცამ საჭიროდ ჩათვალა, რომ მისი მოთამაშის სტატუსით მოღვაწეობა საჭირო აღარ იყო.

რამდენიმე დღის განმავლობაში ძველ არქივებს ვიკვლევდი და მარადონას ე. წ. “სკანდალების სია” შევადგინე. ეს ნუსხა ისეთი ვრცელი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე მხოლოდ მისი ფეხბურთელობის პერიოდით დავკმაყოფილებულიყავი და მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტები მომეტანა. ამ “კრიმინალურ სიას” ესპანური “ბარსელონადან” დავიწყებ და “ბოკა ხუნიორსით” დავასრულებ (დღევანდელ წერილში, შეგნებულად ავარიდე თავი დიეგოს სამწვრთნელო მოღვაწეობის პერიოდს და მხოლოდ მისი ფეხბურთელობის ხანით შემოვიფარგლე).

1984 წელი, 8 იანვარი ― “ბარსელონას” რიგებში მოთამაშე დიეგომ, ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, მაყურებელს მიუღებელი ჟესტი უჩვენა. სკანდალი ატყდა, მარადონამ კი განცხადება გააკეთა, რომ მზადაა, საერთოდ წავიდეს ფეხბურთიდან.

1986 წელი, მაისი ― მარადონა “ნაპოლის” ბაზიდან იპარება და სადღაც ქრება. ბოლო ორ ტურში გუნდი იძულებულია მის გარეშე ითამაშოს. როდესაც გაუჩინარებული უკან დაბრუნდა, სენსაციური განცხადება გააკეთა. თურმე, მისი გაქრობის მიზეზი მაფიის მხრიდან მუქარა იყო.

1986 წელი, 22 ივნისი ― მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში, ინგლისთან ერთ გოლს მარადონა ხელით იტანს.

1986 წელი, 21 სექტემბერი ― ნეაპოლში, მავან და მავან კრისტინას ბიჭი გაუჩნდა. დედა ამტკიცებს, რომ ბავშვის მამა მარადონაა. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი ამას სასტიკად უარყოფს.

1989 წელი, 5 ნოემბერი ― საკუთარი ქორწილის წინა საღამოს დიეგო სახლში ორგიას აწყობს, რომელშიც რამდენიმე მეძავი მონაწილეობს. ორგიის “სტუმარი” საზოგადოება არც კოკაინის გამოყენებას ერიდება.

1990 წელი, 22 მარტი ― 1986 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი სრულდება. მოსამართლეები ადასტურებენ, რომ მარადონა მართლაც იმ ბავშვის მამაა და ვალდებულია კრისტინას ალიმენტი უხადოს. მოგვიანებით, მარადონა ამ ბიჭის მამობას მართლაც აღიარებს.

1990 წელი, 11 ივნისი ― ერთ-ერთ ინტერვიუში მარადონამ განაცხადა, რომ ნაკრებში რამდენიმე მისი თანაგუნდელი სამშობლოს მოღალატე და გამყიდველია. ამას არგენტინაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოწინააღმდეგე მხარეები ბოლოს და ბოლოს შერიგდნენ.

1991 წელი, 7 იანვარი ― დიეგოს საკუთარ ბინაში ოთხი მეძავი მიჰყავს. მეორე დღეს ამ “საპატიო პროფესიის” დიაცებმა ფეხბურთის ლეგენდას სასამართლოში უჩივლეს, მან გვაიძულა კოკაინი მიგვეღოო.

1991 წელი, 26 აპრილი ― მარადონას ბუენოს-აირესში აპატიმრებენ. პოლიციელებს ეჭვი აქვთ, რომ იგი ნარკოტიკებით ვაჭრობს. ციხიდან ფეხბურთელს იმ პირობით უშვებენ, რომ გირაოდ გარკვეულ თანხას გადაიხდის და ქვეყნიდან ფეხს არ გაადგამს. მარადონა ნარკოტიკისგან თავის დასაღწევად მკურნალობას იწყებს.

1991 წელი, 13 მაისი ― მარადონას სახლში ჩხრეკისას, პოლიციამ კოკაინს მიაგნო.

1991 წელი, 26 ივნისი ― ფეხბურთელმა ფსიქიატრს მიმართა.

1991 წელი, 20 სექტემბერი ― მარადონას დაცვის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ დიეგომ ერთხელ სამი ჟურნალისტის მოკვლა უბრძანა.

1994 წელი, 2 თებერვალი ― სახლში მყოფი მარადონა, ორ ნაცნობთან ერთად, ჰაერის პისტოლეტით ცეცხლს უხსნის ჟურნალისტებს. ხუთი მათგანი დაიჭრა.

1995 წელი, 30 ივნისი ― დიეგო საქვეყნოდ სდებს ბრალს ჟოაო აველანჟს, რომ მან ფეხბურთელს სპეციალურად “ჩაუდო” ეფედრინი, რათა მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილია გამხდარიყო.

1997 წელი, 14 აგვისტო ― არგენტინის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს “ბოკა ხუნიორსი” და “არგენტინოს ხუნიორსი” ხვდებოდნენ, მარადონას კვლავ აღმოუჩინეს სისხლში აკრძალული პრეპარატი. თუმცა, ფეხბურთელს უკვე სექტემბერში უხსნიან ბრალდებასა და დისკვალიფიკაც.

 

…გადის დრო და ის კვლავ უბრუნდება თავის საყვარელ საქმიანობას…!

 

სტატია დაწერილია “ბარსამანიის” აქტიური მომხმარებლის, Tommy-ს მიერ ! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში