ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს პრაღაში, “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩი იქნება რიგით მე-200-ე პეპ გვარდიოლასთვის, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გვარდიოლა თავის 200-ან ნიშნულის ვერსად გაექცევა, მაგრამ კიდევ ერთი “ბარსელონელი” გამოწვევის წინაშე დგას. საუბარია ლეო მესიზე.
შაბათს, ლა ლიგის მორიგ შეხვედრაში ლეო მესიმ თავისი სამ მატჩიანი უგოლო სერია სამი გატანილი გოლით დაასრულა. “რწყილმა” მეტოქის კარი პირველად შესანიშნავად შესრულებული პენალტით აიღო, ოდნავ მოგვიანებით ადრიანოს გადაცემით ისარგებლა, ხოლო კვლავ ოდნავ მოგვიანებით დანი ალვესის ბრწყინვალე პასი გამოიყენა. შესრულებული ჰეთ-თრიკით ლეომ “ბარსელონას” რიგებში გატანილი გოლების რაოდენობა 199-მდე გაზარდა.
ხვალ მესი “ვიქტორია პლზენს” დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრას ჩვეულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. მართალია, არგენტინელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი ამოცანა გუნდის გამარჯვებაა, მაგრამ ახლა ამ ამოცანას კიდევ ერთი გამოწვევა დაემატება. ლეო “ბარსას” მაისურით მე-200-ე გოლის გატანას შეეცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობას არავის უთმობს. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში.
ხვალ ლეო ერთი გასრლით სამი კურდღლის მოკვლას შეეცდება: მან “ბარსას” მაისურით რიგით მე-200-ე გოლი უნდა გაიტანოს, უნდა მოუტანოს საკუთარ გუნდს მიშვნელოვანი 3 ქულა და უნდა გაზარდოს ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა.
