გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოიტანა, ყველასთვის შოკის მომგვრელია.
როგორც ჩანს, მადრიდელთა აქტიურმა ჩარევამ თავისი შედეგი გამოიღო და ფედერაციის საბოლოო დასკვნაზე ზეგავლენა მოახდინა. საქმე ეხება ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრის მიწურულს “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის მომხდარ სამარცხვინო ფაქტს. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრის დასასრულს, “თეთრების” ფეხბურთელმა მარსელომ კატალონიელთა ახალწვეული ფაბრეგასი უკნიდან ვარდნით მოჩეხა, რისთვისაც მან მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. თუმცა ყველაფერი აქ როდი დასრულდა. პრინციპულ მეტოქეებს შორის უკვე ტრადიციად ქცეულ ხელჩართულ ომში “რეალის” მთავარი მწვრთნელიც ჩაერთო. აურზაურისას, რომელიც სტადიონზე სუფევდა, მოურინიო გვარდიოლას ასისტენტს, ტიტო ვილანოვას მიეპარა და თითით თვალი “გამოთხარა”, რისთვისაც მან ვილანოვასგან საკადრისი პასუხი – სახეში სილა მიიღო. ინციდენტის მეორე დღეს არავინ საუბრობდა “ბარსელონას” კიდევ ერთ ტრიუმფზე და აღმართულ თასზე. მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო იმ სურათით, რომელიც ჩვენს სტატიას ამშვენებს. ყველა ექსპერტი, ჟურნალისტი, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოურინიოს მდაბიო და “არაკაცურ” ქცევებზე საუბრობდა. ფეხბურთის წესების მიხევით, რომელიც ესპანეთში მოქმედებს, მოურინიოს ხუთიდან თორმეტ მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელოდა, მაგრამ… მაგრამ მოურინიო ხომ “განსაკუთრებულია”?! ის ხომ გუშინ “მარკამ” გასული სეზონის მიღწევების მიხედვით ესპანეთში მოღვაწე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა?! როგორც ჩანს, მხოლოდ “მარკა” არ ცდილობს მოურინიოს “მოთაფვლასა” და მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვას. ანალოგიურად იქცევა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც. ამ უკანასკნელმა ზემოთ ხსენებული ქმედების გამო მოურინიოს არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და თანხობრივად 600 ევროს ჯარიმა მიუსაჯა. ეს კიდევ არაფერი! ფედერაციამ ვილანოვაც დასაჯა და მას მოურინიოს სასჯელის ნახევარი, ანუ ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 300 ევროს ჯარიმა დააკისრა.
სასაცილოა, როცა ყოველივე ამის შემდეგ მადრიდელთა დაჩაგვრაზე და “ბარსასთვის” მიკერძოებულობაზე საუბრობენ…
[media=http://www.youtube.com/watch?v=uUgOuzWvDfE]
