ხიხონის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი, მანოლო პრესიადო, სულაც არ მიიჩნევს საკუთარ გუნდს ხელწამოსაკრავად და ძალიან ოპტიმისტურადაცაა განწყობილი საშინაო მატჩის წინ. როგორც იცით, ლა ლიგის მე-7 ტურში პრესიადოს გაწვრთნილი გუნდი საკუთარ კედლებში უმასპინძლებს მოქმედ ჩემპიონს, კატალონიის “ბარსელონას”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
მანოლო პრესიადოს თქმით, მისი გუნდი შეეცდება 3 ქულა აართვას კატალონიურ გრანდს: “ბარსელონასთან” მატჩში თავად შევეცდებით მეტოქის კარის აღებას. ვალდებულები ვართ, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობასთან ახლოს ვიქნებით, შეტევებით კი ძალიან დიდ პრობლემებს შევუქმნით მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, არის თამაშის ისეთი ასპექტებიც, რომელშიც კონკურენციას ვერ გავუწევთ კატალონიელებს. მხედველობაში მაქვს ბურთის კონტროლი. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, რომ შეცდომების მინიმალური რაოდენობა დავუშვათ და გავიმარჯვოთ”. განაცხადა მანოლო პრესიადომ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ პრესიადოს გაწვრთნილმა “ხიხონმა” შეძლო 2010/2011 წლების სეზონში “ბარსელონას” 16 სერიიანი მოგებათა და ჟოზე მოურინიოს მრავალწლიანი დაუმარცხებელი სერიის(იგულისხმება მხოლოდ საშინაო მატჩები) დასრულება.



