“ბარსელონა ბ–ს” ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს “სიუდად დეპორტივოზე” დახურულ კარს მიღმა და “ოსპიტალეტი” ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. ეუსებიოს გუნდმა გამარჯვებას რაფინიას, როდრის და სერჟი რობერტოს გოლების წყალობით მიაღწიეს. კატალონიელთა მწვრთნელმა, ლიგა ადელანტეში “ერკულესთან” თამაშის შემდეგ, წაგების მიზეზად ტრავმები დაასახელა. გუნდს ახლაც აკლდნენ ილიე, მუნიესა და ჯონათან სორიანო, თუმცა როგორც ხედავთ “ლურჯ–ბროწეულისფერებმა გამარჯვებას მაინც მიაღწიეს. ზევით ხსენებული სამივე დაზარალებული გამოჯანმრთელების ბოლო სტადიაზეა და უკვე შაბათს, ოფიციალურ შეხვედრაში “რეკრეატივოს” წინააღმდეგ, შეიძლება მონაწილეობაც მიიღონ.
“მოგება ძალიან კარგია, თუმცა ვხვდები, რომ აუცილებელია შედეგის გაუმჯობესება, როგორც თამაშის ხარისხის, ისე ანგარიშის. გუნდში საშუალო ასაკის ფეხბურთელი ძალიან ცოტაა. ასეთი ახალგაზრდა კლუბით თავიდანვე მაღალ დონეზე დაწყება ცოტა არ იყოს და რთულია. ამიტომ ნელ–ნელა განვაგრძობთ პროგრესირებას და ვეცდებით შაბათს, “რეკრეატივოს” წინააღმდეგ ჩვენი ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ” –განაცხადა ეუსებიომ ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსას” დუბლებს 4 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვთ და მე–14 ადგილს იკავებენ.



