“ბარსელონას” ჰყავს მსოფლიოში საუეთესო შუა ხაზი და თავდასხმა. ამაზე არავინ დაობს, თუმცა გუნდის სისუსტეებზე საუბრისას, გამუდმებით ისმის მოსაზრება, რომ “ბარსას” დამატებით ერთი ცენტრალური მცველი მაინც ესაჭიროება. ამის საჭიროება არაერთხელ დავინახეთ. ხშირად გვარდიოლას ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება, სწორედ მცველების ნაკლებობის გამო უწევს. მართალია, “ბარსაში” მოთამაშე ყველა ფეხბურთელი იმდენად უნივერსალურია, რომ განსხვავებულ პოზიციაზეც თამაში შეუძლიათ, თუმცა ხარვეზებიც არის.
პიკე და პუიოლი “ბლაუგრანას” ნომინაური ცენტრალური მცველები არიან. გასული სეზონის ნახევარი კატალონიურმა გრანდმა პუიოლის გარეშე გაატარა. ახლა კი იგივე პრობლემა პიკესთან მიმართებაშია. ნახევარდაცვაში ან თავდასხმაში ტრავმვების ეპიდემიის დროს, გუნდს ფეხბურთელების საკმაოდ კარგი რეზერვი აქვს. დაცვაში კი სიტუაცია გასხვავებულია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსფერებზე საუბრისას კლუბის ხელმძღვანელობა არაფერს ამბობს დაცვის გაძლიერებაზე. მათი ინტერესები ყოველთვის თავდამსხმელებისა და ნახევარმცველებისკენ იხრება. მიმდინარე ზაფხულს განხორციელებული შენაძენებითაც, სწორედ თავდასხმა და ნახევარდაცვა გაძლიერდა.
