ვარსკვლავების სამჭედლო

ვარსკვლავების სამჭედლო

“ბარსელონას” საფეხბურთო სკოლამ, ბოლო 30 წელიწადში ოთხასამდე ფეხბურთელი დააყენა გზაზე. დღეს, “ლა-მასია” ხარისხის ერთგვარი ნიშანია, რომელიც მთავარი გუნდის სათამაშო ტრადიციებზეა აგებული.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს საიმისოდ, რომ ბლაუგრანას მაისური ატაროს? ახალგაზრდა მოთამაშე არაოდრდინალური შესაძლებლობებით და შრომისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდეს. მოდით, ორიოდ სიტყვა ვთქვათ იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდებიან კატალონიური ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები.

რა კრიტერიუმებით ხდება “ბარსას” საბავშვო გუნდებისთვის კადრების შერჩევა? ბავშვი მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უნდა შეფასდეს თუ შესაძლებლობები პერსპექტივაში უნდა იქნას გათვალისწინებული? რა უფრო მთავარია, კარგი ფიზიკური მომზადება თუ ტექნიკა? ვარსკვლავად ქცევისთვის მხოლოდ ბუნებრივი ნიჭია საკმარისი თუ გამარჯვებულის სულისკვეთებაც აუცილებელია? ყველა ამ კითხვაზე პასუხებს ის ადამიანები სცემენ, რომლებიც “ლა-მასიაში” საწვრთნელ პროცესს ხელმძღვანელობენ.

გასაოცარი ის არის, რომ ყველა ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მაინც არის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებიც დანარჩენებზე ძირეულია. თითოეულ ბიჭუნას, რომელიც ლურჯ-შინდისფერ მაისურს მოირგებს, “კამპ ნოუს” ხასხასა გაზონზე ფეხის დადგმის მყარი სურვილი უნდა ჰქონდეს. ამ ამბიციების რეალობად ქცევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ, მწვრთნელებზე, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვის პირად თვისებებზე.

აუცილებელი თვისებები

ალბერტ ბენაიხესი უკვე სამი წელია “ბარსელონას” საბავშვო სკოლის საწვრთნელ პროცესს კურირებს და მასზე უკეთ, ალბათ არავის ეცოდინება თუ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ახალგაზრდა ფეხბურთელი საიმისოდ, რომ “ლა-მასიაში” მოხვდეს. – ბავშვი ჭკვიანი, სწრაფი, ტექნიკური და ჟინიანი უნდა იყოს, მაგრამ ყველა ეს თვისება უფრო სერიოზულით შეიძლება კომპენსირებულ იქნას. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა.

– თავიდანვე კი არ გამხდარა ის გვარდიოლა, რომელიც შემდეგ მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ გაიცნო. როდესაც პეპმა “ლა-მასიაში” დაიწყო ვარჯიში, ძალიან ნელი და ფიზიკურად განუვითარებელი იყო, მაგრამ მისი საფეხბურთო ინტელექტი ყველას აოცებდა. ეს თვისება ყველა დანარჩენ ნაკლს ჩრდილავდა. ფეხბურთში აბსოლუტური ფასეულობები არ არსებობს. ერთი თვისების კომპენსირება მეორეთი შეიძლება მოხდეს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მაგალითი კარლეს პუიოლია.

– როდესაც ჩვენთან მოვიდა, ვერავინ იტყოდა, რომ მისგან არაჩვეულებრივი ფეხბურთელი დადგებოდა, მაგრამ საოცარი შრომისმოყვარეობისა და საკუთარი ძალების რწმენის წყალობით, მთავარი გუნდის კაპიტნად იქცა.

რა უფრო ფასობს ახალგაზრდა ფეხბურთელში, ტექნიკა თუ ფიზიკური მონაცემები?

– ტექნიკურ-ტაქტიკური განვითარების გარდა, ყურადღებას ფეხბურთელის ადამიანურ თვისებებსაც ვაქცევთ: შრომისმოყვარეობას, კომუნიკაბელურობას, გუნდური ფეხბურთისადმი მიდრეკილებას.

ბენაიხესის მხარდამხარ, ალბერტ პუჩი იღწვის, რომელიც “ლა-მასიაში” ჩარიცხულ უცხოელ ბავშვებზე აგებს პასუხს.

– ყოველ ახალ სეზონში სხვადასხვა რეგიონებიდან ნიჭიერი ბავშვები მოჰყავთ. ისინი თავიანთ საფეხბურთო სკოლებში ვარსკვლავები იყვნენ და ზოგიერთს კოლექტიური ფეხბურთის კონცეფცია ავიწყდება. არადა, ეს “ბარსელონას” ამოსავალი წერტილია. თუმცა, ამ კონცეფციას ნელ-ნელა ალღოს უღებენ. ადაპტაციას 3 თვე სჭირდება. პირველ წელს, რათქმა უნდა, ბევრი რამ არ გამოსდით, მაგრამ მომდევნო სეზონში, როგორც წესი, გაცემულ ავანსებს ამართლებენ ხოლმე.

12-13 წლის ასაკში, “ლა-მასიაში”, აღზრდის საბავშვო პერიოდი მთავრდება და ნელ-ნელა მომავალი ვარსკვლავების შერჩევის პროცესი იწყება. სწორედ ამ ასაკში მოხვდნენ გუნდში ინიესტა, მესი და გაი ასულინი. 12-13 წლის ფეხბურთელი უკვე აცნობიერებს თუ რისი მიღწევა სურს და შეესაბამება თუ არა რეალობას მისი დიდ ფეხბურთელად გახდომის სურვილი.  

მოთხოვნები პოზიციების მიხედვით

ალბერტ ბენაიხესმა თავისი ხედვა იმაზეც წარმოადგინა თუ რა თვისებები უნდა გააჩნდეს ამათუიმ ამპლუის ფეხბურთელს.

მეკარე: სიმაღლე სასურველია, მოხერხებულობა და რეაქცია.

მცველი: მებრძოლი ხასიათის ბავშვებს ვეძებთ ამ ამპლუისთვის. თავით თამაში თუ იცის, ამ ფაქტს მივესალმებით. მნიშვნელოვანია, ზუსტი პირველი გადაცემის გაკეთების ცოდნაც.

ნახევარდაცვა: აქ მთავარი საფეხბურთო ინტელექტია. ადრე უფრო დაცვითი ტიპის ნახევარმცველებზე ვაკეთებდით აქცენტს, მაგრამ ამორის, გვარდიოლსა და ჩავის შემდეგ, მომზადების კონცეფცია შეიცვალა. შუახაზი შემტევი და უნივერსალური უნდა იყოს.

თავდასხმა: ეს ყველაზე რთული ამპლუაა. სწრაფ და ეშმაკ ბავშვებს ვეძებთ, აუცილებელია საგოლე ალღო. ეს პოზიცია კარგად გამოხატულ ბუნებრივ ნიჭს მოითხოვს.

ვინ ეძებს ტალანტებს?

კანტერას ფეხბურთელთა დიდი ნაწილიდან, “ლა-მასიას” გზა სრულად ერთეულებმა გაიარეს. ბევრ ბიჭუნას სკოლის კარები სელექციონერებმა გააღებინეს. საფეხბურთო აკადემიის შტატში 25 სკაუტი ირიცხება, რომლებიც არამარტო ესპანეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. პეპ ბოადა, “ბარსელონა-ც”-ს მწვრთნელი და “ლა-მასიას” პირველი გამოშვების წარმომადგენელი (1979/80), სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელია. ის საკუთარ თავს “ტალანტებზე მონადირეს” უწოდებს.

– ჩვენი სკოლის სელექციონერს, პირველ რიგში ფეხბურთი უნდა უყვარდეს, თამაშებს სისტემატურად უყურებდეს და წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე თუ რა სურს კლუბს. ტალანტის პოვნა სოფლის გუნდშიც კი შეიძლება.

წამყვანი ევროპული კლუბები სასელექციო პოლიტიკას დიდ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ძნელია ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭის 100%-ით ამოცნობა. შესაბამისად, შეიძლება დიდი ფული გაატანო ქარს.

– ინგლისური კლუბების ტრატეგია 15-16 წლის ფეხბურთელების შერჩევაა, რომლებიც უკვე ფაქტიურად მზა მოთამაშეები არიან. ისინი, რა თქმა უნდა, ძვირად ფასობენ. ჩვენ უფრო ეკონომიური გზა გვაქვს არჩეული და საკუთარი კადრების აღზრდით ვართ დაკავებულნი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი