“ბარსელონამ” “პალმეირასს” აცნობა, რომ კატალონიური კლუბი 22 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, იერი მინას გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს.
ცნობილია, რომ “ბარსას” მინას 9 მილიონ ევროდ ყიდვის უფლება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მესაკუთრე “პალმეირასის” სპორტული დირექტორი ალეშანდრე მატოსი ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც ის პეპ სეგურას შეხვდა. ბრაზილიური Globoesporte-ს ცნობით, ეს ინფორმაცია “პალმეირასის” პრესსამსახურმა დაადასტურა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ “ბარსელონა” სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ერთ-ერთ უდიდეს ტალანტს ზამთარში, 9 მილიონ ევროდ შეიძენს, ხოლო ფეხბურთელი კატალონიაში 2018 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩავა.
მინას “ბარსელონაში” გადასვლა რამდენიმე მიზეზითაა გადადებული. ერთ-ერთი ისაა, რომ ფეხბურთელს ფეხი აქვს მოტეხილი. გარდა ამისა, კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ სჯობს, მან განვითარება ჯერ “პალმეირასში” განაგრძოს. ამას ისიც ემატება, რომ მინას ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს.