workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლასიკ–ური მასტერკლასი

კლასიკ–ური მასტერკლასი

(ამ მატჩის გოლებით ყველაზე კარგი და ემოციური ვიდეოა, რომელიც კი სადმე დევს ჯერჯერობით) 

წუხელ გაიმართა მსოფლიო მნიშვნელობის მატჩი კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. “ბარსას” ფეხბურთელებმა ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებულად გაიმარჯვეს 5:0 (სიტყვა “საფეხბურთოს” იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გუშინდელ მატჩში წიხლებისა და მუშტების ქნევაში მადრიდელებს ნამდვილად ვერავინ შეედრებოდა და აჯობებდა).
უკვე პირველივე შეტევიდან გამოჩნდა, თუ რა ტაქტიკით აპირებდა მაურინიოს დამოძღვრილი თერთმეტეული თამაშს. კასტილიელები “ბარსასთვის” ხელ–ფეხის შეკვრას ცდილობდნენ, მოედნის ცენტრში ძალების მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე. ცდილობდნენ შეცდომა დაეშვებინებინათ კატალონიელთათვის მოედნის ზუსტად იმ პლაცდარმზე, საიდანაც კონტრ–იერიშის წამოწყება ყველაზე ხელსაყრელია. მაგრამ ასევე თავიდანვე გამოჩნდა, რომ გვარდიოლა მზად იყო ასეთი წინააღმდეგობისთვის, კარგადაც ჰქონდა გააზრებული და ფეხბურთელებისთვის ახსნილი, თუ როგორ ემოქმედათ ამდაგვარ სიტუაციაში. მსგავსი სახის პრესინგს ყოველთვის აქვს ერთი მინუსი, სახელდობრ ის, რომ პრესინგში ნახევარმცველთა დასახმარებლად მცველებსაც უწევთ ცენტრისკენ ამოწევა, რაც ბუნებრივად ათავისუფლებს ზონებს მცველებსა და მეკარეს შორის. როდესაც მოწინააღმდეგეს სწრაფი, ტექნიკური მოიერიშეები ჰყავს და ნახევარმცველებს უძვრებიან, შემდეგ ორმაგად მარტივია ზონების გადასაკეტად უკან დახევის პროცესში მყოფ მცველებთან გასწორება, რადგანაც მცველები ერთ ხაზზე სწრაფ და სწორ განლაგებას ვეღარ ასწრებენ.

სწორედ ეს იყო ამ თამაშში კატალონიელთა გადამწყვეტი ტაქტიკური უპირატესობა, რომ აღარაფერი ვთქვათ საშემსრულებლო ოსტატობაზე. “ბარსას” თითოეული ფეხბურთელი ერთი თავით აღემატებოდა ოპონენტს თითქმის ყველა სიტუაციაში. შევეხოთ ფსიქოლოგიურ მხარესაც. მადრიდელები აშკარად დაბნეულები და მოუმზადებლები ჩანდნენ, უჭირდათ თამაშის თავის თავზე აღება და აკლდათ სილაღე.

ცოტა ხნის წინ წავიკითხე განსაკუთრებულად შერცხვენილი “განსაკუთრებულის” ინტერვიუ, რომელშიც აცხადებდა, რომ 5–0 არ არის ის ანგარიში, რომელიც ძალათა თანაფარდობას რეალურად ასახავსო. ამ ფრაზის ორგვარად გაგება შეიძლება. ერთი ისე, რომ “ბარსა” ბევრად ძლიერია და მადრიდელები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ მეტი ბურთი არ მიიღეს საკუთარ კარში (რისი გაგონებაც წარმოუდგენელია მაურინიოსგან) და მეორე ისე, რომ კატალონიელებმა გოლები კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტუაციებში გაიტანეს. მე სვხა ვერსიას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, აქ 5 გოლზე მეტად მადრიდელებს ის უნდა აწუხებდეთ, რასაც მათ კატალონიელები უკეთებდნენ მოედანზე, განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში. იცით, მატჩის ბოლოს გამახსენდა მაურინიოს სიტყვები, რომლებიც კრუიფის მისამართით ისროლა: არ მსურს რომ კრუიფმა მასწავლოს, როგორ წავაგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 4:0–იო (აზრი ასეთი იყო). სეუ ჟოზე, იქნებ მაინც დაკავშირებოდი მფრინავ ჰოლანდიელს შედეგების თუნდაც ერთი გოლით გასაუმჯობესებლად…

შეიძლება ბევრმა ირონიულობაში დამდოს ბრალი, მაგრამ ჩემ ნათქვამში იმაზე მეტი ირონია ნამდვილად არაა, რაც ზემოთ მოყვანილ ფრაზაში და იმაში რაც რამდენიმე საათის წინ ვიხილეთ, ვგულისხმობ კლასიკოს, რომელშიც კატალონიელები ზუსტადაც რომ ირონიულად ექცეოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეს და საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს მათ. ვინც ობიექტური მიზეზებისგან გამოწვეული ძლიერი შოკის გამო, ეს მომენტები გამოტოვა, შეუძლია მოიძიოს ვიდეომასალა და განმეორებით იხილოს, არა მხოლოდ შემტევი კვინტეტის, არამედ თვით ბუსკეტსისა და აბიდალის დამცინავი სათამაშო ეპიზოდები. ასეთი საფეხბურთო შეურაცხყოფა კატალონიელებს თვით ალმერიასთვისაც კი არ მიუყენებით წინა ტურში. სწორედ ეს იყო პასუხი მადრიდელთა უხეშ მოქმედებებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ანგარიშში უიმედო ჩამორჩენით იყო გამოწვეული.

ვფიქრობ, ამ მატჩმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი. ბევრი მითი და კერპი დაიმსხვრა “განსაკუთრებულად,” ყველაზე ცხადად ყველაფერზე მიანც ის მეტყველებს, რაც ფურცლებზე წერია და რასაც გვერდს ვერავინ აუვლის. “ბარსამ” ზედიზედ მეხუთე კლასიკოში იმარჯვა და თანაც ეს ისე გააკეთა თითოეულ მათგანში, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია, თვით აგრერიგად ენაკვიმატმა პორტუგალიელმაც კი ვერ შესძლო თავის გამართლება მატჩის შემდეგ. გაიხსენეთ რამდენი მილიონი დახარჯეს მადრიდელებმა ბოლო ორ სეზონში ტრანსფერებით გუნდის გასაძლიერებლად, შემდეგ ეს ციფრი გაამრავლეთ იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობის გოლებიც მათ “ბარსას” კარში გაიტანეს ამ ორი წლის განმავლობაში (უკანასკნელი სამი კლასიკო) და დამიჯერეთ, “რეალის” პროგრესის ზუსტ აღმნიშვნელ ციფრს მიიღებთ…

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში