ვან გაალი ფილიალზე დაკვირვებას განაგრძობდა. “მინი ესტადიზე” მისი ყოფნა, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა და ამასთანავე, თოთოეული ჩვენთაგანისთვის მოტივაციის დამატებით წრაოს წარმოადგენდა. გუნდმა, “სეგუნდა ბ”-ს მესამე ზონაში სეზონი არათანაბრად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმა ავკრიბეთ და დეკემბერში სატურნირო ცხრილს სათავეში ჩავუდექით.
მახსოვს, მამაჩემს კარლეს რეშაკმა დაურეკა, რომელიც სამი თვით იაპონიაში გამგზავრებას და “იოკოჰამა მარინოსში” თამაშს მთავაზობდა. თანხმობის შემთხვევაში, ჯიბეს 21 მლნ. პესეტათი გავისქელებდი. იაპონური ავანტურისთვის, ჩარლიმ, მე, მარიო და ფელიპი შეგვარჩია. სერა ფერერმა ჩვენს გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა: ჩემპიონატი გახურებული იყო და თანაც, ვან გაალს ჩვენთან დაკავშირებით უკვე კონკრეტული გეგმები ჰქონდა.
მალე ყველაფერმა რეალური სახე მიიღო, ნოემბრის თვეში მე და მარიო პირველად გამოგვიძახეს მთავარ გუნდში. “ნიუკასლთან” საშინაო მატჩის განაცხადში მოვხვდით, რომელის შედეგიც უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან “ბარსა” ჯგუფიდან დროზე ადრე გავიდა. 1997 წლის 26 ნოემბერი! ეს თარიღი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. ცხოვრებაში პირველად ვიჯექი მთავარი გუნდის სათადარიგოთა სკამზე და ზურგს 29 ნომერი მიმშვენებდა. ამ მომენტამდე ზედიზედ ორი დღე მარიოსთან ვრჩებოდი ღამე, რადგან ის სტადიონის მახლობლად ცხოვრობდა და ვაჯიშებზე ერთად შეგვეძლო სიარული. ოტელ “ხუან კარლოს I”-ში გავჩერდით, ასევე პირველად. ასე იყო თუ ისე, მოედანზე გასვლამ, მაინც არ მოგვიწია. ვან გაალმა ძირითადი გუნდის ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ.
დუბლებში საქმეები მშვენივრად მიდიოდა. კვლავაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიყავით. მატჩს მატჩზე ვიგებდით და მომავალს ოპტიმიზმით ვუცქერდით. ფლეი-ოფისა და კლასში ამაღლების იმედით ვიყავით აღვსილნი. გონსალვო ის მწვრთნელი იყო, რომლსაც არსენალში კოლექტივის ერთ მუშტად შეკვრის არაერთი დამაჯერებელი მეთოდი ჰქონდა: ყოველ ხუთშაბათს, მთელი გუნდი ბარსელონას რომელიმე რესტორანში ვახშმობდა.
ჩემგან მუდამ მოითხოვდა, რომ ისეთივე შემართებით მევარჯიშა, როგორითაც თავიდან შევუდექი საქმეს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მთავარი გუნდისკენ მისასვლელი გზა უკვე გაკაფული მქონდა. გონსალვო რეკომენდაციას ხშირად მიწევდა ვან გაალთან, სთხოვდა ჩემთვის შანსი მოეცა. “კანტერაში ახალი გვარდიოლა გვეზრდება”, – ეს პრეზიდენტ ნუნიესის სიტყვებია, რომლებიც “რადიო კატალონიამ” გააჟღერა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თავი ქუდში მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ვან გაალმა გააკეთა განცხადება: “დუბლებში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლის თამაშის სტილი ამორისა და დე ლა პენიას ნაზავს წარმოადგენს”. დღეს, ამ სიტყვებს, როგორც საქებარს ისე აღვიქვამ, ხოლო მაშინ სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს ჩემზე.
ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ კანტერას ფეხბურთელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან საფეხბურთო სკოლას ვან გაალი კურატორობდა, რომელიც ჩვენი მთავარი დამცველი და პროტექციონისტი იყო. თანაშემწეებს, ფრანს ხოეკას, ვან დერ ლემსა და მაურინიოს, ხშირად აგზავნიდა დუბლების თამაშზე დასაკვირვებლად, უფრო მეტიც, ისინი საწვრთნელ პროცესშიც კი ეხმარეობდნენ გონსალვოს.
ვცდილობდი კონცენტრაცია დუბლებში თამაშზე მომეხდინა, რაც არცისე იოლი იყო, რადგან ერთის მხრივ, უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, ხოლო მეორეს მხრივ ფლეი-ოფის მატჩები იყო კარს მომდგარი, სადაც “კადისთან”, მადრიდის “რეალთან” და “ლეონესასთან” მოვხვდით ერთ ჯგუფში. ფინიშის სწორზე, “სეგუნდაში” გადასასვლელად, “რეალთან” გველოდა ორრაუნდიანი ორთაბრძოლა, რომლის წინაც დედაქალაქელებს მცირე უპირატეობა ჰქონდათ. ბლანკოსი ერთი ქულით გვისწრებდა და “მინიზე” დამარცხების შემთხვევაში, თამამად შეგვეძლო “ადიოს” გვეთქვა ჩვენი გეგმებისთვის, რადგან “მარენგემი” მათემატიკურად მიუწვდომლები ხდებოდნენ.
კულეები ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურნენ – “მინი” პირთამდე შეივსო. როგორც კი მსაჯის სასტარტო სასტვენი გაისმა, ყველას მოეჩვენა რომ ლეგენდარული “ოცნების გუნდის” რეინკარნაცია მოხდა. ყველაფერი გამოგვდიოდა, ყოველი შეტევა მეტოქის კარის აღებით სრულდებოდა, რამაც მატჩი ნამდვილ ეიფორიად გადააქცია. ყველაფერთან ერთად, პუიოლი მოტეხილი მაჯით თამაშობდა, ხოლო ისმაელს, გაბრის, მარიოსა და ჟოფრეს, გუნდი რეალურ ექსტაზში მოჰყავდათ.
პირველი ტაიმი 5:0 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. გასახდელისკენ აღმაფრენით და სიცილ-კისკისით გავეშურეთ. მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა და საპატიო ლოჟაში მოკალათებული ნუნიესის ფანატური აპლოდისმენტებით დამამახსოვრადა.
ვან გაალმა, ამ მატჩზე დასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ სამაგიეროდ ერთი კვირის თავზე “ბერნაბეუს” ესტუმრა. პირველ შეხვედრაში მეტოქის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, მადრიდელები შინ თუ მოგვიგებდნენ, სეგუნდაში სწორედ ისინი გადადიოდნენ. გამარჯვება ან ფრე გვაძლევდა ხელს.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბის ხელმძღვანელობამ მაცნობა, რომ შეხვედრას ვან გაალი დაესწრებოდა, რომელიც პირველ რიგში ჩემს საქმეში სანახავად იყო მადრიდში ჩამოსული. მორიგი სუპერ-მატჩი შევთავაზეთ გულშემატკივრებს – 2:0, ვან გაალი კი ჩვენს მიერ გატანილ გოლებს ისე გულმხურვალედ აღნიშნავდა ვიპ-ლოჟაში, რომ ამ ფაქტით აღშფოთებული ლორენსო სანსი (“რეალის” იმჟამინდელი პრეზიდენტი), იძულებული შეიქნა საფინალო სასტვენამდე დაეტოვებინა საკუთარი ადგილი.
დუბლები სეგუნდაში თავაწეულნი დაბრუნდნენ!
