მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის ნახევარიც არ გასულა, “ბარსელონასა” და Nike-ის მომავალი სეზონის გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კატალონიური კლუბის 2027/28 წლების სეზონის მესამე ფორმის სავარაუდო დიზაინი.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მაისურის ფოტოები სოციალურ ქსელ X-ზე საფეხბურთო ფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე სპეციალიზებულმა ანგარიშმა memorabilia1899-მა გამოაქვეყნა.
ახალი ფორმის ძირითადი ფერი შავია, მაისურზე კი ცეცხლის ალები, ნაპერწკლები და კვამლის ეფექტებია გამოსახული. კლუბის გერბი, Nike-ის ლოგო და მთავარი სპონსორის, Spotify-ის სიმბოლო მოყვითალო-ოქროსფერში იქნება შესრულებული.
დიზაინის შთაგონების წყარო Correfoc-ია, კატალონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურული ტრადიცია, რომლის სახელწოდებაც სიტყვასიტყვით “ცეცხლში სირბილს” ნიშნავს.
ამ დღესასწაულის ისტორიული ფესვები XII საუკუნემდე მიდის, როდესაც წარმოდგენებში სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლას ასახავდნენ. ტრადიციის თანამედროვე ფორმა კი ბარსელონაში 1970-იანი წლების ბოლოს, La Mercè-ს დღესასწაულის ფარგლებში ჩამოყალიბდა.
დღეს Correfoc-ის მონაწილეები ეშმაკების ფორმებში გამოეწყობიან და ქალაქის ქუჩებსა თუ მოედნებზე პიროტექნიკით აღჭურვილი სამკაპებით გადაადგილდებიან, რის შედეგადაც ჰაერში უამრავი ნაპერწკალი იფრქვევა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” შავი მესამე ფორმა ადრეც ჰქონია. 2020/21 წლების სეზონში კატალონიური გუნდი მთლიანად შავი მაისურით თამაშობდა, რომელსაც ოქროსფერი დეტალები ამშვენებდა. მაშინ კლუბის მთავარი სპონსორი იაპონური კომპანია Rakuten იყო.
Footy Headlines-ის ინფორმაციით, ახალი მესამე ფორმის გაყიდვაში გამოსვლა 2027 წლის აგვისტოში იგეგმება.
ჯერჯერობით “ბარსელონასა” და Nike-ს გავრცელებული დიზაინი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ეს თუ ნამდვილია იმენააა გაასწორებს საკაიფოა წლევანდელიც მევასება იასანისფერი შავში