“ბარსელონას” სარეზერვო გუნდში საკადრო კრიზისია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტრავმებისა და სანაკრებო გამოძახებების გამო “ბარსა ატლეტიკს” 22 ფეხბურთელი აკლია, რის გამოც კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას “ჟირონა B-სთან” მატჩის გადადება სთხოვა.
შეხვედრა 14 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “იოჰამ კრუიფის” სტადიონზე უნდა გაიმართოს.
ჟულიანო ბელეტის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო ორი ტრავმის შემდეგ გაურთულდა. ლანდრი ფარესა და გილემ ვიქტორის დაშავების შედეგად გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა რვამდე გაიზარდა, კიდევ 14 მოთამაშე კი სანაკრებო ვალდებულებების გამო ვერ ითამაშებს.
ლანდრი ფარეს მარჯვენა მუხლის სინოვიტი დაუდგინდა და დაახლოებით 10 დღე გაუცდება, ხოლო გილემ ვიქტორს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული და მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შეძლებს.
ტრავმირებულთა შორის ასევე არიან ედერ ალიერი, შეინ კლუივერტი, პედრო ვილიარი, ხუან ერნანდესი, პატრისიო პასიფიკო და სამა ნომოკო. ეს უკანასკნელი რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა.
სანაკრებო გამოძახებებმა გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში იმყოფებიან იკერ როდრიგესი, ალექს კამპოსი, პედრო როდრიგესი და ჯონი ერნანდესი. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, მათ შორის ებრიმა ტუნკარა.
ორიან გორენი ისრაელის მთავარ ნაკრებში გამოიძახეს, კაისედო ეკვადორის ნაკრებს შეუერთდა, აზიზი – განისას, ხოლო ჰამზა აბდელკარიმი ეგვიპტის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.
შედეგად, ბელეტის განკარგულებაში სარეზერვო გუნდის მხოლოდ ცხრა ფეხბურთელია: ბონფილი, ონშტაინი, ხავი კასტრო, გარიბა, დანი ავილა, კატოვიჩი, დიარა, კერი და ალექს გონსალესი. მათ შეიძლება დაემატონ ახალგაზრდული გუნდის ორი მოთამაშე – არგემი და გისტაუ.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, “ბარსელონამ” მატჩის გადადება ოფიციალურად მოითხოვა. ფედერაციის გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საკადრო პრობლემების მიუხედავად, “ბარსა ატლეტიკი” ესპანეთის მეოთხე დივიზიონის მეორე ჯგუფის ლიდერია. ბელეტის გუნდს 25 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “ტერასას” ოთხი ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე მყოფ “ესპანიოლ B-სთან” უპირატესობა ხუთი ქულაა, ხოლო მომდევნო მეტოქე “ჟირონა B-სთან” – ექვსი.




forum კომენტარები (0)