workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას გულშემატკივრებს სპოტიფაი კამპ ნოუზე ფერფლის განთავსება შეეძლებათ

ბარსელონას გულშემატკივრებს სპოტიფაი კამპ ნოუზე ფერფლის განთავსება შეეძლებათ

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" წარადგინა მემორიალური სივრცე, სადაც გულშემატკივრები გარდაცვლილი ახლობლების ან საკუთარი ფერფლის განთავსებას შეძლებენ. პროექტი 26 600 სპეციალურ ნიშასა და 9 000 სამახსოვრო დაფას ითვალისწინებს, გახსნა კი 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

“ბარსელონამ” წარადგინა პროექტი Memorial FC Barcelona, რომელიც კლუბის გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, გარდაცვალების შემდეგ მათი ფერფლი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” განთავსდეს.

პროექტის პრეზენტაცია Auditori 1899-ში გაიმართა. მემორიალური სივრცის გახსნა 2027 წლის ბოლოს იგეგმება.

მემორიალში მოეწყობა 26 600 კოლუმბარიუმი, ანუ სპეციალური ნიშა, სადაც გარდაცვლილის კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლის ურნა განთავსდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს 9 000 ინდივიდუალურ სამახსოვრო დაფას, საერთო მემორიალურ სივრცესა და ციფრულ კოლუმბარიუმს.

სამახსოვრო დაფაზე საკუთარი სახელის დატოვებას გულშემატკივრები სიცოცხლეშიც შეძლებენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება როგორც კლუბის ოფიციალური წევრებისთვის, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მისი სხვა გულშემატკივრებისთვის.

სად განთავსდება მემორიალი?

მემორიალური სივრცე სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის მე-20 დონეზე, სათამაშო მოედნიდან რამდენიმე მეტრში მოეწყობა. მისი ფართობი დაახლოებით 1 500 კვადრატული მეტრი იქნება.

პროექტზე კომპანია Més Que Un Memorial S.L. მუშაობს, რომელსაც სანტი ბაჩი ხელმძღვანელობს.

მემორიალის ინტერიერში გამოყენებული იქნება მარმარილო, თბილი განათება და კლუბის ისტორიის ამსახველი გამოსახულებები. დაგეგმილია აუდიოვიზუალური ელემენტებისა და დიდი კედლის პანელების მოწყობაც.

სივრცეს ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება, ხოლო მატჩების დღეებში იქ მოხვედრა სტადიონის 35-ე კარიდანაც იქნება შესაძლებელი.

რა ეღირება კამპ ნოუზე ფერფლის განთავსება?

მემორიალში ადგილის სარგებლობის უფლების შეძენა 10, 25 ან 50 წლით იქნება შესაძლებელი.

Cadena SER-ის მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, კოლუმბარიუმის ფასებია:

  • 10 წელი – 2 490 ევროდან;
  • 25 წელი – 4 990 ევროდან;
  • 50 წელი – 5 990 ევროდან.

დამატებით გათვალისწინებულია ყოველწლიური მომსახურების საფასური 70 ევროს ოდენობით. ადგილის დაჯავშნა 500 ევროდ არის შესაძლებელი, რომელიც საბოლოო ღირებულებაში ჩაითვლება.

ინდივიდუალური სამახსოვრო დაფის ფასი 490 ევროდან იწყება. 25-წლიანი განთავსება 890 ევრო ღირს, ხოლო 50-წლიანი – 990 ევრო.

სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფერფლის საერთო მემორიალურ სივრცეში გადატანაც იქნება შესაძლებელი. 50-წლიანი პაკეტი ამ მომსახურებას უკვე მოიცავს, ხოლო 10-წლიანი და 25-წლიანი პაკეტებისთვის მისი დამატება 1 800 ევრო ღირს.

ბარსელონას ყოფილმა კაპიტანმა ადგილი უკვე დაჯავშნა

პროექტის პრეზენტაციას “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელები, ხოსე ვისენტე ტენტე სანჩესი და კარლეს რეშაკიც დაესწრნენ.

ტენტე სანჩესმა, რომელიც წარსულში გუნდის კაპიტანი იყო, მემორიალში ადგილი უკვე დაჯავშნა. მან თავისი მომავალი კოლუმბარიუმისთვის წარწერაც შეარჩია:

“სახლში ვარ”.

ყოფილი ფეხბურთელის სურვილია, მისი ფერფლი სწორედ იმ სტადიონზე განთავსდეს, სადაც კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი გაატარა.

ღონისძიებაზე ემოციური ისტორია გაიხსენა “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ელენა ფორტმაც. მისი თქმით, ბებიამისს ლეს კორტსის სასაფლაოზე დაკრძალვა სურდა, რათა საყვარელ სტადიონთან ახლოს ყოფილიყო.

მას ყოველთვის სურდა, ისეთ ადგილას განესვენა, სადაც “ბარსელონას” გოლებს გაიგონებდა.

კლუბის განცხადებით, მემორიალის მიზანია, გულშემატკივრებსა და “ბარსელონას” შორის არსებული განსაკუთრებული კავშირი მათი სიცოცხლის შემდეგაც შენარჩუნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი