სეზონის პირველი სანაკრებო პაუზა მოახლოვდა, თუმცა ამჯერად განსხვავებული ფორმატით: 2026/27 წლების სეზონში სანაკრებო შეკრება გახანგრძლივებულია და შიდა საკლუბო ჩემპიონატები ზედიზედ ორ უქმეებზე დაპაუზდება. ტრადიციულად, “ბარსელონას” პირველი გუნდის ძირითადი ბირთვი სხვადასხვა ნაკრების განკარგულებაში გადადის.
შვიდი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში
პაუ კუბარსი, ერიკ გარსია, როდრი, პედრი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო და ლამინ იამალი – შვიდივე კატალონიელი ლუის დე ლა ფუენტეს განაცხადშია. ერთა ლიგის ეგიდით “ფურია როხას” შეხვედრები ელის ინგლისთან, ჩეხეთთან და ხორვატიასთან (ორჯერ), რომლის კარსაც “ბარსას” ზაფხულის ახალწვეული დომინიკ ლივაკოვიჩი იცავს.
ადეიემი გერმანიაში დაბრუნდა, ბერნალი და ესპარტი 21-წლამდელებში
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში “ბარსელონადან” ორ ახალგაზრდას უხმეს: ჩავი ესპარტსა და მარკ ბერნალს ფინეთის, სან მარინოსა და რუმინეთის წინააღმდეგ სამი შეხვედრა ელით.
სეზონის შესანიშნავი სტარტის შემდეგ კარიმ ადეიემი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა. “ბუნდესგუნდის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ოთხი მატჩისთვის ორი განსხვავებული სია შეადგინა – კატალონიელთა შემტევი მეორე სიაში მოხვდა და სერბეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
კრისტენსენი, კანსელუ და კუნდე
ანდრეას კრისტენსენი დანიის ნაკრებშია გამოძახებული, რომელსაც უელსთან ორი შეხვედრის გარდა, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან მატჩებიც ელის. პორტუგალიელთა რიგებში “ბარსას” განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ იასპარეზებს. დაცვის კიდევ ერთი წევრი, ჟიულ კუნდე კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მოემზადება.
გორდონი, რაფინია და ჰამზა აბდელკარიმი
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის რჩეულთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე კვლავ ენტონი გორდონია. ათასობით კილომეტრის დაფარვა მოუწევს რაფინიას, რომელიც კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებშია გამოძახებული.
ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ ეგვიპტის ეროვნულ გუნდში ადგილი შეინარჩუნა 18 წლის ჰამზა აბდელკარიმმა. დაბოლოს, კიდევ ერთ ახალგაზრდა ფორვარდს, ჟესი ბისივუს ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებში უხმეს.
17ვე თუ ჯანმრთელი დაბრუნდა ესეიგი განგება ითხოვს ამ გუნდის წარმატებას.
ყველაზე ძალიან რაფინიას საქმე მადარდებს, დაწყევლილია ბრაზილიის ნაკრები და ისე მგონია მარტო რაფინია ცდილობს მის გადარჩენას.
მთავარია ყველა ჯამრთელი დაგვიბრუნდება!
ვიღაცას აუცილებლად აკიდებენ ესენი ტრავმებს, დე ლაფუენტეც ხო ბოლომდე ათამაშებს ყველას სულ რომ გააცამტვეროს მეტოქე