ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ყველაფერი რაც ფეხბურთში ვიცი, სწორედ ამ კაცმა მასწავლა. როდესაც ვან გაალი პირველ გუნდში “ოთხი” და “ექვსი ნომრის” მანევრებს გვასწავლიდა, მახსენდებოდა, რომ ეს უკვე ნასწავლი მქონდა ვილასთან.
ის ფეხბურთში ნამდვილი ექსპერტი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოდნას მაინც იღრმავებდა. ამ კაცის ხელი ყველას ეტყობა, ვინცკი მისი სკოლა გაიარა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ შეგირდებთან ურთიერთობაში “მათრახი” არ სჭირდებოდა. ის არამხოლოდ არაჩვეულებრივი ადამიანი, არამედ მომთხოვნი მაქსიმალისტიც იყო.
დღემდე მახსოვს მის მიერ ახსნილი თითოეული გაკვეთილი, რომლებიც ზოგჯერ ორ საათს გრძელდებოდა. ხან დაცვაში მოქმედებას ვიხილავდით, ხანაც კუთხურებს, მცველების მოძრაობას, პრესინგსა და ა.შ. შემდეგ ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად ვამუშავებდით, რადგან ვილა თვლიდა (ისევე როგორც მისი მასწავლებელი ლაურეანო რუისი), რომ უშუალოდ საქმეში ფეხბურთელი მაშინ უნდა ჩაერთოს, როდესაც ბეჯითად ისწავლის ზეპირ გაკვეთილს.
ვილასთან ოთხი წელი დავყავი, “ინფანტილ A”-დან “ხუვენილ A”-მდე. თან ვსწავლობდი და თან ცხოვრებით ვხარობდი. სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის ჩემი “მეორე საფეხბურთო მამაა”, რა თქმა უნდა მშობელი მამის შემდეგ.
არ მესმის როგორ არ დარჩა “ბარსელონაში”. მას ჰქონდა მიზეზები საფეხბურთო სკოლის დასატოვებლად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი წასვლით კლუბმა ბევრი დაკარგა. ვილა “ბარსელონაა”! მის ძარღვებში ლურჯ-შინდისფერი სისხლი ჩქეფს.
ვილამ ჯარიმების დარტყმა მასწავლა. მხოლოდ ერთი შეხების უფლება გაქვს, მეუბნებოდა ხოლმე, როდესაც საუბარი პასით თამაშზე იყო. “არასდროს არ მისცე თანაგუნდელს მაღალი ბურთი, გადაცემისას ტყავის სფერო მაქსიმუმ სამი სანტიმეტრით უნდა აიწიოს გაზონიდან”, – მისგან ყოველდღე ახალს ვსწავლობდი.
ვილას ჩემს კარიერაში კიდევ იმიტომ ვთვლი მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მან ჩემში დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი დაინახა. ექვსთვიანი მუშაობის შემაჯამებელ მოხსენებაში უკვე გაისმოდა პროტექციონისტური ხასიათის ფრაზები: “ვფიქრობ, ისეთი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების შემთხვევაში, როგორიც სისწრაფე და მოქნილობაა და ჩვენის მხრიდან სამუშაოსადმი შესაფერისი მიდგომის შემთხვევაში, ახალ გვარდიოლას მივიღებთ”.
სიტყვა და საქმე ერთი იყო. ვილა დაჟინებით ითხოვდა ჩემგან პეპის მსგავსად თამაშს. გვარდიოლასთვის მოედანზე უნდა მედევნებინა თვალი, უნდა მენახა რას აკეთებდა მოედნზე და როგორ. “კამპ ნოუზე” ყველა მატჩს ვესწრებოდი, მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი, თუ როგორ წევს თავს ბურთის მიღების წინ, რათა მოედანზე თანაგუნდელების განლაგება შეაფასოს. ვაკვირდებოდი თუ როგორი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იყენებს კორპუსს, როგორ მიჰყავს თამაში. ვილას, “დრიმ თიმის” მატჩების კასეტები მოჰქონდა ჩემთვის, რათა ყველა ზემოხსენებულ ასპექტში სრულყოფილებისთვის მიმეღწია.
ჩემპიონატის ბოლოს მწვრთნელმა წერილობითი რეკომენდაციები დაგვირიგა, სადაც ეწერა, რომ ჩემი მოწოდება პეპის თამაშის იმიტირებაა, ხოლო პრიორიტეტული ამოცანა გვარდიოლას დონესთან რაც შეიძლება მეტად მიახლოვება.
ერთი წლის შემდეგ, როდესაც უკვე “კადეტების” რიგებში ვთამაშობდი, ვილასთან მეგობრობის წყალობით, ჩვენს ვარჯიშს გვარდიოლა დაესწრო. წარმოგიდგენიათ რამხელა სიურპრიზი იყო?! ის ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში იყო. თანაც გვესაუბრებოდა და რჩევებს გვაძლევდა. რადგან ვილას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ამპლუის ფეხბურთელი ვიყავი, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა და მითხრა, ასე გააგრძელეო.
მოგვიანებით, დუბლებში ასპარეზობისას, ვილასგან გავიგე, რომ იმ დღეს პეპი ჩემს სანახავად იყო მოსული, რათა გაეგო თუ ვინ იყო ის ბიჭი, რომელსაც ყველა გვარდიოლას კლონს ეძახდა. ვარჯიშის შემდეგ პეპმა შემდეგი რამ თქვა: “ამ ბიჭის დიდი მომავალი აქვს, ოთხ წელიწადში პენსიაზე გამიშვებს”.
