გუშინ შუადღეს დავიდ ვილამ პირველად გამართა პრესკონფერენცია “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში. მან განაცხადა, რომ მზად არის მინდორზე გამოსასვლელად და სურს, რომ პეპ გვარდიოლამ სუპერთასის მეორე მატჩში თავის გამოჩენის შანსი მისცეს.
მომავალ შაბათს, როდესაც “ნოუ კამპზე” “ბარსა” “სევილიას” უმასპინძლებს, ზუსტად სამი თვე შესრულდება რაც დავიდ ვილამ კატალონიური კლუბის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ესპანელ ფორვარდს ერთი სული აქვს, სანამ ახალი კლუბის მაისურით მინდორზე გამოვა.
დებიუტი კვლავ სათუოა
ვილამ, რომელიც თავის ესპანელ თანაგუნდელებთან ერთად ნაკრების ამხანაგურ მატჩზე იყო გამოძახებული, ჯერ კიდევ ვერ აუბა მხარი სხვა თანაგუნდელებს ვარჯიშის მხრივ: “ჩვენ წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს. მხოლოდ ახლა დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ მწვრთნელის დავალების შესასრულებლად რაც შეიძლება მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში. 100%-ით მზად ვარ სავარჯიშოდ, კონკურენციის გასაწევად და კარიერის ამ ახალ ეტაპზე წარმატების მისაღწევად.”
პირველი ტიტული ჯერ კიდევ ახლოსაა
ვილა დარწმუნებულია, რომ “ბარსას” შესწევს ძალა გააბათილოს ის უპირატესობა, რომელიც სუპერთასის მეორე მატჩის წინ ანდალუსიურ კლუბს ექნება: “ძალიან არასასურველი შედეგი გვაქვს, მაგრამ “ბარსას” ასობით ასეთ სიტუაციაში მიუღწევია წარმატებას. მჯერა, ჩვენ მოვიგებთ ამ ტიტულს. ნახევარი გზა გავიარეთ და დაბრკოლება მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშია. გზის მეორე ნახევარი კი “ნოუ კამპზეა” გასავლელი, ჩვენი ფანების წინაშე, რომლებიც უდიდეს დახმარებას გაგვიწევენ. ჩვენ შეგვიძლია ამოვქაჩოთ ეს ანგარიში, არა მარტო “სევილიას”, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის წინააღმდეგ.”
არანაირი დაგეგმვა
დავიდ ვილა ცოტა არ იყოს ცრურწმენით უყურებს მომავალ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობაზე ფიქრს: “მე იმედი მაქვს, რომ დაუღალავი მუშაობით და თანაგუნდელების დახმარებით იმდენ გოლს გავიტან, რამდენსაც შევძლებ და ამ ყველაფერს “ბარსას” დასახმარებლად გავაკეთებ.”
კითხვას, შეძლებს თუ არა იგი ცენტრფორვარდისგან განსხვავებით სხვა პოზიციაზე თამაშს, ვილამ ასეთი პასუხი გასცა: “მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ნორმალურად ასპარეზობა.” ბოლოს დავიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ზლატან იბრაგიმოვიჩს.
მადლიერი ასეთი მასპინძლობისთვის
ვილას არანაირი პრობლემა არ ექნება კლუბის ფეხბურთელებთან, რადგან მან “ბლაუგრანელები” ესპანეთის ნაკრებში გაიცნო. მან ჟურნალისტებს უამბო, თუ რა სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს ბარსელონაში: “თითოეულმა ადამიანმა, ვისაც კი შევხვდი, უდიდესი დახმარება გამიწია.”
წყარო: www.fcbarcelona.cat
