I თავი. ბარსა! ბარსა! ბარსა!
ბაბუასთან ერთად ფეხბურთის ყურება ერთი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “ბარსა” “რეალს” ეთამაშებოდა. ჟაუმეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ის ყველაზე რადიკალური “ანტიმადრიდისტი” იყო იმათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. თუ იცოდა რომ ოპონენტი სამეფო კლუბის ქომაგი იყო, კამათისას შეიძლებოდა ადამიანი შემოლანძღვოდა კიდეც.
“ამასთან არ ითამაშოთ” – ბლანკოსის მაისურში გამოწყობილ ბავშვს თუ დაინახავდა, ასე მოკლედ მოგვიჭრიდა ხოლმე. იმდენად ეზიზღებოდა “რეალი”, რომ როდესაც მადრიდელები მარცხდებოდნენ, მაშინვე ყიდულობდა “ასის” ნომერს და თითოეულ ფურცელს საფუძვლიანად კითხულობდა.
მამა ხანდახან თავს აძლევდა იმის უფლებას, რომ ბლანკოსის ოთხი ნომერი შეექო. აი, მაშინ იწყებოდა, რაც იწყებოდა. ლანძღვა-გინებას, მუშტი-კრივამდე ცოტაღა უკლდა. ბაბუა, მამას რა ეპითეტით აღარ ამკობდა ხოლმე, ეძახდა რა “ანტიკულეს”.
ჟაუმე თუ ვულკანს წარმოადგენდა, ბებია მისი სრული ატიპოდი იყო – ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. პაკიტა მზესავით იყო. ყოველთვის სასარგებლო და ბრძნულ რჩევა-დარიგებებს მაძლევდა. როდესაც არიადნა წამოიზარდა, მშობლებს ოთახების გაცვლა ვთხოვე, რათა ბებიასთან დამეძინა. მთელი ღამე შეგვეძლო სხვადასხვა თემებზე საუბარი. თუმცა, გადასახლების შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. როდესაც მე და ჩემი დაიკო ერთ ოთახში ვიყავით, მაშინაც სმენად ვიყავი ხოლმე გადაქცეული, ზეპირად ვიცოდი როგორ მისდიოდა სკოლაში საქმეები, როგორ ჰყავდა დაქალები და ა.შ. არიადნასთან ძალიან ახლოს ვარ. ძალიან მიყვარს, რადგან პირდაპირი ადამიანია და ორპირობა არ სჩვევია.
პაკიტა უგერმრიელეს კერძებს ამზადებდა. როდესაც თავის საფირმო მაკარონსა თუ კანელონის ამზადებდა, სახლში ნამდვილი ზეიმი იყო. საბედნიეროდ, ბებიას კულინარიული ცოდნა დედაჩემს გადაეცა მემკვიდრეობით. ამაში ჩემი მეგობარი გოგონა ელზა დამემოწმება, რომელიც კაი ხანი ვერ იტანდა კანელონის, მაგრამ დედაჩემის მომზადებული რომ გასინჯა, მას შემდეგ ამ კერძზე უარს აღარ ამბობს.
“ჟაბაკში” ბურთს პირველად დავკარი თავი. მანამდე ეს საფეხბურთო ილეთი არ გამეკეთებინა, რადგან უბრალოდ მეშინოდა. ჩვენი მწვრთნელები გუინდო და ლორენცო იყვნენ. ამ ასაკში ბავშვს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, ბურთისთვის ფეხის დარტყმა. ერთხელაც, რომელიღაც გუნდს ვეთამაშებოდით, ყველანი წინ წავიდნენ გოლის გასატანად, მე კი საკუთარი კარისკენ გავიქეცი. მამა მიყვიროდა, რას აკეთებ, წინ წადიო, მე კი ვუპასუხე, რას ამბობ მამა, კონტრშეტევის შემთხვევაში უკან ხომ უნდა იყოს ვინმე.
ნახევარი წლის შემდეგ, ძმებთან ერთად “ტერასას” საფეხბურთო სკოლაში ჩავირიცხე. იქ 9 წლის ასაკიდან ღებულობდნენ ბავშვებს. კლუბის პრეზიდენტის, ედუარდო პოსადასის პროტექციით, მამაჩემი ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსად დაინიშნა და პარალელურად, საფეხბურთო სკოლის დირექტორობა დაევალა. “ტერასაში” ჩემი და ჩემი ძმების გზები იშვითად იკვეთებოდა, რადგან სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდით. მე საღამოს ექვს საათზე მეწყებოდა ვარჯიში, მაგრამ რადგან მამა 11 საათამდე ვმუშაობდა, სკოლაში ვრჩებოდი და უფროსი ბიჭების ვარჯიშებს ვადევნებდი თვალ-ყურს.
დე-იურე, ჩემი პირველი მწვრთნელი ანტონიო ლადერო იყო. ის სამი წელი გვავარჯიშებდა. ჩემი ცხოვრების ამ ნაწილიდან “ადეფუბეს თასზე” ჩატარებული ფინალური მატჩი მახსენდება ყველაზე კარგად. “სან კუგატასთან” პენალტების სერიაში დავმარცხდით.
ლადერომ, წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა, მაგრამ ცხრა წლის ბავშვების დამშვიდება როგორი საქმე იყო, რომლებმაც თავიანთი პირველი ფინალი წააგეს, თანაც ასე საშინლად. როგორც საფეხბურთო სკოლის დირექტორს, საქმეში მამაჩემს მოუხდა ჩართვა, რათა ეს ყველაფერი დაკრძალვის პროცესიას არ დამსგავსებოდა. მახსოვს, გასახდელში ჩამოვიდა და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა შოკიდან ჩვენს გამოყვანას.
ფეხბურთი სხვა ტიპის პრობლემებსაც იწვევდა. დედა ყოველდღე 110 პესეტას მაძლევდა, რათა პროგრესის მოედანზე ახლადგამომცხვარი პური მეყიდა. რადგანაც საცხობი დღის ორ საათზე იკეტებოდა, მრჩებოდა იმის დრო, რომ მეგობრებთან ერთად ფეხბურთი მეთამაშა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სახლიდან შუადღისას თუ გამოვდიოდი. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სათამაშო აზარტში შესულს, დედის დანაბარები მავიწყდებოდა და საათს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, რომ საცხობი უკვე დიდი ხნის დაკეტილი იყო.
მადლობა ღმერთს, შორსმჭვრეტელი დედა მყავს და ასეთი შემთხვევებისთვის, ერთი პური ყოველთვის ჰქონდა გადანახული. პროგრესის მოედნის გახსენებისას, არ შემიძლია ორიოდ სიტყვა არ ვთქვა კიოსკის გამყიდველზე, რომლის კარავსაც დღეში რამდენჯერმე ვშლიდით, მაგრამ ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო და გვიძლებდა.
ფეხბურთით გატაცება, სწავლაში ხელს არ მიშლიდა, ყოველ შემთხვევაში, დაწყებით კლასებში მაინც. ქალაქ ტერასაში კულტურის კოლეჯში ვსწავლობდი. აქ დაწყებითი სკოლის პროგრამას გავდიოდით და არასრულ საშუალო განათლებას ვიღებდით (9 კლასი). სიმართლე გითხრათ, გულმოდგინედ რომ მესწავლა, სასკოლო განათლებას უპრობლემოდ მივიღებდი. თუმცა, ცუდი მოსწავლე მაინც არ ვყოფილვარ. მხოლოდ მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე, ისიც ერთთვიანი ავადმყოფობის ბრალი იყო.
სკოლაში ის ადამიანი გავიცანი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. მისი სახელი და გვარი ალბერტ ხუსტრიბოა ანაც უბრალოდ ხუსტრი. ის კლასის ხულიგანი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან კეთილი გახლდათ. საწყალი! მასწავლებლები სულ მას სჯიდნენ. ვიღაცის ჩანთა თუ აფრიალდებოდა ჰაერში, მაშინვე ხუსტრის გაჰკიოდნენ.
დირექტორი კარლოსი სკოლაში ყველაზე საშიში ადამიანი იყო. მაღალი და მელოტი კაცი გახლდათ და ყველა პატივს სცემდა. როდესაც კლასში შემოდიოდი ფეხზე უნდა ავმდგარიყავით, ხოლო დაჯდომის უფლებას რომ მოგვცემდა, ერთხმად ვმღეროდით, “თქვენის ნებართვით!”. განსაკუთრებით მკაცრი იმ მომენტში იყო, როდესაც ბავშვებს დაფასთან იძახებდა. ვაი იმისი ბრალი ვინც გაკვეთილი არ იცოდა. ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ხოლმე, რადგან საკუთარი პედაგოგიური გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა.
რადგან ხუსტრი სამოსანი იყო, ჩემს გვერდით დასვეს, რათა სწავლაში დავხმარებოდი. სინამდვილეში კი საპირისპირო რამ მოხდა. სამი თვის შემდეგ, ისეთი კარგი მოსწავლე უკვე აღარ ვიყავი, როგორც მანამდე. ეს ნამდვილი კოშმარი იყო! მახსოვს, ერთხელ, ისტორიის დავალება გადამაწერინეო მთხოვა. დავთანხმდი, მაგრამ ერთი პირობით, რაღაც უნდა შეეცვალა, რათა მასწავლებელი ვერაფერს მიმხვდარიყო. ხუსტრიმ იმდენი მოახერხა, რომ ჩემი რვეული დაკარგა და მასთან ერთად, მეც დავისაჯე. აი, ასეთი გახლდათ ხუსტრი!
რამდენი რამ გადაგხვდენია თავს რომ იცოდეთ. ერთხელ, ველოსიპედით პოლიციის მანქანას ვეჯახებოდით. მართალია, გვერდის აქცევა მოვასწარით, მაგრამ გზიდან გადავედით და არხში გადავიჩეხეთ. ავტობანზეც ბევრი გვირბენია ბენზინგასამართი სადგურის ძებნაში, რადგან ავზში წვეთსაც არ ვტოვებდით.
ერთხელ, “ანკორაში” (კოსმეტიკის მაღაზია) მაგიდის ფეხბურთში ჩავატარეთ ჩემპიონატი. მე და ხუსტრიმ მაგარი ტანდემი შევქმენით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ძმაკაცი უკეთ თამაშობდა, ვიდრე მე. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ის მაგიდის ფეხბურთის აპარატი დღეს მას უდგას ბინაში.
სასკოლო ატესტატში საშუალო მაჩვენებლები მაინც რომ მქონოდა, რისი სურვილიც არამარტო მე, არამედ ჩემს მასწავლებლებსაც ჰქონდათ, პროფესორმა არსიომ, რომელიც მათემატიკას მასწავლიდა, პროფესიული განათლების პროგრამა დამიდო წინ.
მოკლედ, საშუალო განათლების მიღება თუ მინდოდა, ფეხბურთი და სხვა სისულელეები გვერდზე უნდა გადამედო და სწავლა-განათლებისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. სპორტით გატაცების გამო, სკოლაში დღითი-დღე მიჟირდა, მაგრამ ატესტატი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო და უკან არ დავიხიე.
ექვსი თვის შემდეგ, დედაჩემი გამოიძახეს სკოლაში, რადგან პირველ ტრისემესტრში ორი, ხოლო მეორეში სამი საგანი დამრჩა ჩასაბარებელი. დედა პროფესორ პალომოს შეხვდა, რომელმაც მოახსენა, თქვენი შვილის საქმეები უკან-უკან მიდისო. მან კი არც აცია, არც აცხელა და პატივცემულ პროფესორს მიახალა: “სამასჯერ მართალი ხართ პროფესორო, მაგრამ ამ მომენტში ჩემი შვილი სხვა კარიერას იკეთებს. ორი-სამი წლის შემდეგ, მისი შრომა შედეგს თუ არ გამოიღებს, მაშინ სწავლა-განათლებას სერიოზულად მოვკიდებთ ხელს”. სენიორ პალომომ ენა გადაყლაპა და დედაც სკოლაში მეტჯერ არ გამოუძახებიათ.
გაგრძელება იქნება
