“ელ კლასიკოს” დასრულებისთანავე, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა. პეპმა მადრიდის “რეალს” გამარჯვება და ამავდროულად ესპანეთის ჩემპიონობაც მიულოცა.
“პირველ რიგში მინდა “რეალს” მივულოცო გამარჯვება. მადრიდელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ ესპანეთის ჩემპიონები არიან. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენ საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით მოწინააღმდეგის კონტრშეტევებს. საერთოდ, მთელი მატჩის მანძილზე მეტოქეს არც ისე ბევრი შანსი ჰქონდა. მათი უმეტესი სახიფათო შეტევები ბოლო წუთებში განხორციელდა.”
“რატომ არ ითამაშა პიკემ? მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი გადის და მე მათ იმის და მიხედვით ვირჩევ, თუ როგორი ტაქტიკით უნდა ჩავატაროთ მატჩი. ყველაფერი იმ სისტემაზეა დამოკიდებული, რომელსაც ვიყენებთ ამა თუ იმ შეხვედრაში. რაც შეეხება ტელიოს, მან კარგი თამაში აჩვენა როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში. “ბარსელონაში” ნამდვილად არ არის ადვილი განაპირა ფორვარდის პოზიციაზე გამოსვლა. მას ასევე მომენტებიც ჰქონდა.”
“თავს უხერხულად ვგრძნობ გულშემატკივართა წინაშე. მათ ბოლომდე გვიქომაგეს და გვერდში გვედგნენ, რაც მართლაც დასაფასებელია. იმედია ამ დამარცხებასაც გაგვიგებენ, რადგან ბოლო 4 წელია ფეხბურთელები თავს არ ზოგავენ მათთვის სიამოვნების მისანიჭბლად და წარმატების მისაღწევად. ახლა ჩემს შეგირდებს ცოტა დასვენება სჭირდებათ, რის შემდეგაც სრულ კონცენტრაციას “ჩელსთან” გასამართ მატჩზე გადავიტანთ. ვიმედოვნებ, მოვასწრებთ ლონდონელებთან შერკინებამდე მოსულიერებას.” –თქვა გვარდიოლამ.
