მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” პრიორიტეტული სამიზნე ლაუტარო მარტინესი იქნება. თუმცა, “ბარსა” მისი სატრანსფერო ღირებულების შესამცირებლად გარიგებაში მოთამაშეების ჩართვას ცდილობს, ერთ-ერთი კანდიდატი კი ჟუნიორ ფირპოა.
Sport-ს გავრცელებული ინფორმაციით, წარმოშობით დომენიკელი ტრანსფერში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. ასევე, კატალონიელებმა “ინტერს” ნელსონ სემედუსთან მოლაპარაკებების საშუალება მისცეს.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 23 წლის მარცხენა მცველი გასულ წელს “ბეტისიდან 18 მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა ჟუნიორი, ჯერჯერობით, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და ჟორდი ალბას ღირსეულ კონკურენციას ვერ უწევს.
ერნესტო ვალვერდესა და ახლა უკვე კიკე სეტიენის ხელში, ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება. კატალონიელები ფირპოს 30 მილიონ ევროზე მეტად აფასებენ, რომლის შემცირებასაც, “ბლაუგრანაში” მისი როლიდან გამომდინარე, “ნერაძური” ითხოვს.
ჟუნიორი დარწმუნებულია, რომ მეორე შანსი მიცემის შემთხვევაში, “ბარსელონაში” წარმატებებს მიაღწევს, მაგრამ, ამავე დროს, სიახლეებისთვის კარს არ ხურავს, რადგან იტალიური კლუბის პროექტი საინტერესოდ გამოიყურება. რაც შეეხება სემედუს, მას პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა ანტონიო კონტეს სტილიც მოსწონს და არაფერს გამორიცხავს.
ფირპოთი ასევე “რომა” და “ნაპოლი” ინტერესდებოდნენ, ხოლო ნელსონით – “მანჩესტერ სიტი” და “ბაიერნი”. Transfermarkt-ი ჟუნიორს – 20, ხოლო პორტუგალიელ ფლანგელს 32 მილიონ ევროდ აფასებს.




ეს გასაშვებია ყველა ვარიანტში მარა ეს ლაუტარო რო არ გააკვეხონ ისე არა?
უფრო სარფიანად უნდა მოვიშოროთ ფირპო, ჯობია ფული აიღონ
ფირპო უნდა გავასაღოდ როგორმე.