ს/კ “ბარსელონას” ფონდმა და ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა გამოუშვეს ვიდეო რგოლი, რომელიც ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით პოლიომილიტის დაავადების ცნობადობის ამაღლებას.
24 ოქტომბერი იყო მსოფლიო პოლიომილიტის დღე. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბარსელონას” ფონდმა და ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ ხსენებულ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისთვის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში, როცა “ბარსა” ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, მათ ბილ და მელინდა გეითსების ფონდთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
“უფრო მეტი, ვიდრე მიზანი. დავასრულოთ პოლიომილიტი.”
ს/კ “ბარსელონასა” და ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა პოლიომილიტის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ასეთი სლოგანი გაუკეთეს: “უფრო მეტი, ვიდრე მიზანი. დავასრულოთ პოლიომილიტი.” კამპანიის ფარგლებში, “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შაბათს “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში, ეცვა მაისური წარწერით END POLIO 99.
გეითსი “ბარსას” მაისურში
ვიდეო რგოლში “ბარსას” მაისურში გამოწყობილი ბილ გეითსი ამბობს: “მსოფლიოს არცერთ სპორტულ ინსტიტუტს არ გამოუხატავს ასეთი სურვილი სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა” და საუბარს აგრძელებს იმით, რომ იგი “ამაყობს” თავის ფონდსა და კლუბს შორის მიღწეული შეთანხმებით.
რა არის პოლიომილიტი?
პოლიომილიტი არის ინფექციური დაავადება, რომელიც თავს ესხმის ნერვულ სისტემას და იწვევს შეუქცევად პარალიჩს. პოლიომილიტი ძირითადად გავრცელებულია დაბალი ჰიგიენის მქონე ქვეყნებში და ძირითადად ემართებათ ახალგაზრდა ასაკის ხალხს და ბავშვებს. პოლიომილიტი არის განუკურნელი დაავადება, თუმცა არსებობს ვაქცინა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პოლიომილიტის მოქმედების შესუსტება.
პოლიომილიტის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის შედეგად, ხსენებული დაავადება 99%-თ შემცირდა. 1988 წელს პოლიომილიტით გარდაიცვალა ან პარალიჩი დაემართა 350,000 ადამიანზე მეტს. 2010 წელს კი მხოლოდ 1,500 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად ყველაფრისა, დაავადება მაინც უტევს პაკისტანში, ავღანეთში, ინდოეთსა და ნიგერიაში მცხოვრებ მოსახლეობას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=c7gV4fe_xro]


