სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი “ხეტაფესა” და “ბარსელონას” შორის, რომელშიც სტუმრებმა ანგარიშით, 1–3 გაიმარჯვეს. ამ სიახლეში კი ამ შეხვედრის მიმოხილვას შემოგთავაზებთ…
მატჩამდე, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა “ბარსას” ფეხბურთელებისთვის მორიგი გამოცდა იქნებოდა. ახლა კი ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბარსას” ფეხბურთელებმა მორიგი ტესტი წარმატებით ჩააბარეს. კატალონიელები “კოლიზეუმში” 90 წუთის მანძილზე დომინირებდნენ. მადრიდელებმა თავის გამოჩენა მხოლოდ იმით შეძლეს, რომ პენლის გატანა მოახერხეს, რომლის წინა პირობაც “ბარსას” ახალგაზრდა მცველის, ხერარდ პიკეს გაძევება გახლდათ.
“კოლიზეუმის” მასპინძლებმა მატჩის დაწყება დაცვითი ტაქტიკით ცადეს, მაგრამ “ბარსასთან” ეს არ გაუვიდათ. უკვე მეოთხე წუთზე, “ბარსას” ახალწვეულს, დავიდ ვილიას გოლის გატანის 100%–იანი შანსი მიეცა, მაგრამ მისი ძალიან ცუდი თამაშის გამო ანგარიში არ გაიხსნა. ამის შემდეგ კი “ბარსამ” თავისი ჩვეული სტილით განაგრძო თამაში.
22–ე წუთი იყო, როდესაც ანგარიში გაიხსნა. შეტევა ლეო მესიმ წამოიწყო. მან მარჯვენა ფლანგზე დანი ალვესს შესანიშნავი პასი გადასცა, რომელმაც ბურთი ვილიას გადააწოდა. დავიდმა კარში დარტყმა ცადა, მაგრამ ვერ შეძლო. სამაგიეროდ მან ბურთი მესის გადასცა, რომელმაც “ლა ლიგაში”, თავისი მერვე გოლის გატანა შეძლო.
34–ე წუთზე კი ანგარიშის 2–მდე გაზრდა, საგოლე პასის ავტორმა, დავიდ ვილიამ შეძლო. გოლი მან პირველი გოლის ავტორის, ლეო მესის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
მეორე გოლის შემდეგ, მესი მეტოქესთან ბოლომდე გაიხსნა და თავისი ფინტებით თვითონაც ისიამოვნა და მაყურებელიც ასიამოვნა. რბილად, რომ ვთქვათ, “ხეტაფეს” ფეხბურთელები მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ. გოლის გატანას ცდილობდნენ სხვა ფეხბურთელებიც, მაგრამ პრველ ტაიმში მეტი გოლის ხილვა ვერ შევძელით. სცენარის მიხედვით, ვიქტორ ვალდესს მშვიდი საღამო უნდა ქონოდა, მაგრამ მეორე ტაიმში მას თამაშში ჩართვა რამდენჯერმე მოუწია.
65–ე წუთზე, “ხეტაფეს” ფეხბურთელმა, დიასმა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი მესის გაარტყა, რის შემდეგაც ბურთი პედროს მიუვიდა. მას კი ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა არ გასჭირვებია და ანგარიში 3–მდე გაიზარდა. თითქოს, ყველას ყველაფერი დამთავრებული ეგონა, მათ შორის მადრიდელ ფეხბურთელებსაც, მაგრამ 69–ე წუთზე მომხდარმა ინციდენტმა “ხეტაფეს” ფეხბურთელებს ძალა შეჰმატა და შეტევების წამოწყება დაიწყეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 69–ე წუთზე მოედნიდან ხერარდ პიკე იქნა გაძევებული. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მან საჯარიმოში ხელით ითამაშა. 11 მეტრიანის ნიშნულს დელ მორალი მიუახლოვდა. მან ბურთი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა და სხვაობა 2–მდე შეამცირა.
71–ე წუთზე მოედნიდან დავიდ ვილია გავიდა, რომელიც ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელე მილიტომ შეცვალა. “ხეტაფეს” ფეხბურთელებს კი იმედები ჩაესახათ და შეტევების განხორციელებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ გამარჯვება მატჩის ფავორიტებს დარჩათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კატალონიელებს ამ მატჩში ბევრად მეტი გოლის გატანა შეეძლოთ…



