დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, “ბარსელონას” “მაესტრომ”, ჩავი ერნანდესმა პრეს–კონფერენცია გამართა…
“სარაგოსასთან” და “სეუტასთან” გამოტოვებული მატჩების შემდეგ ჩავი როგორც იქნა მოედანს დაუბრუნდა. მან “სევილიასთან” მატჩი სასტარტო 11–ეულიდან დაიწყო და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის მოედანზე თავს ძალიან კარგად გრძნობდა და რომ მას ახლა უკვე 90 წუთით შეუძლია თამაში.
ესპანელმა ასევე დაამატა, რომ მას ტკივილები კიდევ აწუხებს, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო: “მე თითქმის 100%–ით გამოვჯანმრთელდი და ვიმედოვნებ, რომ ყველა მატჩისთვის მზად ვიქნები. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ტრავმის ბოლომდე მოშუშებას დაველოდოთ.”
ჩავი ასევე კმაყოფილია იმ დიდებული გამარჯვებით, რომელიც “ბარსამ” გუშინ მოიპოვა: “ჩვენ ასეთი თამაშები გვჭირდება – ეს არის “ბარსა”, რომლის ხილვაც ყველას სურს. ახლა ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ამ მატჩამდე ჩვენ ყურადღება უფრო შედეგზე გვქონდა გადატანილი.”
ორშაბათს კატალონიელები გეზს დანიისკენ აიღებენ. მათ სამშაბათს “ჩემპიონთა ლიგის” მორიგი მატჩი, “კოპენჰაგენთან” აქვთ გასამართი. ჩავი ამ მატჩში დამარცხებას არ აპირებს. “ამ შეხვედრაში გამარჯვებით ჩვენ მომავლისთვის ფეხბურთელების დასვენება შეგვეძლება, მაგრამ რა თქმა უნდა “კოპენჰაგენთან” მარტივი გასეირნება არ გველის.”
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი “ოქროს ბურთის” ერთ–ერთი მთავარი კანდიდატია. “ამ ბოლო წლებში საუკეთესო ფეხბურთელი ვინცაა ყველამ კარგად იცის. ის ლეო მესია. იგი ჩვენზე, ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას,” განაცხადა ჩავიმ.
