“ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა ლუის სუარესის კატალონიურ გუნდში მისვლას მიესალმება.
არაოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონა” ტრანსფერის თაობაზე “ლივერპულსაც” შეუთანხმდა და თავად სუარესსაც. ფეხბურთელის ყიდვის გაოფიციალურება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
“ის ფაქტი, რომ სუარესმა ბოდიში მოიხადა, მასზე კარგად მეტყველებს. მან თქვა, რომ იგივეს აღარასდროს გაიმეორებს და არ გვაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ.
სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და თუ ჩვენთან მოვა, მის ტრანსფერს მივესალმებით.”
ბარტრამ კომენტარი ნეიმარის ტრავმაზეც გააკეთა: “სამწუხაროა, რომ ის ვეღარ ითამაშებს. თუმცა, ვფიქრობ, ეს ტრავმა მას კიდევ უფრო გააძლიერებს. იმედი მაქვს, ნეიმარი მალე გამოჯანმრთელდება და სეზონის წინ ჩვენთან ერთად იქნება.”
“ბარსელონას” მცველმა კლუბის მიერ უკვე განხორციელებულ ტრანსფერებზეც ისაუბრა: “ტერ შტეგენი ძალიან კარგი მეკარეა. მას ფეხით კარგად თამაში შეუძლია. რაც შეეხება კლაუდიო ბრავოს, ის ლა ლიგას შესანიშნავად იცნობს. ველოდები, რომ ივან რაკიტიჩი “ბარსელონას” სტილთან ადაპტაციას იოლად გაივლის.”