ციფრები არ სტყუიან. დრო, როცა ჟერარდ პიკე შედიოდა იმ ფეხბურთელების რიცხვში, ვინც “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ყოველგვარი ეჭვების გარეშე შედიოდა, დიდი ხანია დასრულდა.
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 25 წლის მცველი სულ უფრო და უფრო ხშირად გვევლინება სათადარიგოთა სკამზე ან მას ცვლიან თამაშის მსვლელობისას. ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში ლევერკუზენის “ბაიერთან”, პიკე საერთოდ ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში გამართული 44 შეხვედრიდან პიკე სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 21-ჯერ მოხვდა, რაც 47,7%-ს შეადგენს. ჩემპიონატის მხოლოდ 7 მატჩი (“მალაგა”, “სარაგოსა”, “ხეტაფე”, “რეალი”, “რაიო ვალიეკანო”, “ესპანიოლი” და “ვალენსია”) დაიწყო ჟერარდმა პირველივე წუთებიდან. ჩემპიონთა ლიგაში პიკემ 90 წუთი მოედანზე მხოლოდ “ვიქტორია პლზენთან” დაჰყო.
კატალონიელი მცველი რეგულარულად თამაშობს ესპანეთის თასის შეხვედრებში. მან 7 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში 90 წუთის განმავლობაში იყო მოედანზე. ესპანეთის სუპერთასში პიკემ ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა მადრიდის “რეალთან”, თუმცა მხოლოდ საპასუხო მატჩი ჩაატარა სრულად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე სეზონში პიკეს ორჯერ მოუხდა ტრავმებთან ბრძოლა. თავდაპირველად 20 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მოგვიანებით 16-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით.



