”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა აღნიშნა: ”პრიმერაში გამარჯვება ძალიან რთული იქნება, რადგან ”რეალი” ძალიან ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი”.
ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა: ”ჩვენ ბოლომდე შევეცდებით ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას. ”ბარსა” არ აპირებს დანებებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მეტი შეგვიძლია. ”რეალი” ძალიან ძლიერია, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ ვარგა”.
”ვალენსიას” განადგურება ძალიან მნიშვნელოვანია
ჩავი დარწმუნებულია, რომ ”ვალენსიას” განადგურებამ ”ბარსელონას” ფეხბურთელებს მეტი თვითრწმენა მისცა: ”ვალენსიასთან” შეხვედრაში ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ სეზონში ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ, რადგან უკვე მოვიპოვეთ სამი ტიტული და გავედით სამეფო თასის ფინალში”.
გვარდიოლას კონტრაქტი
ასევე ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ყველამ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს გვარდიოლას გადაწყვეტილების მიმართ, რომელმაც ახალი კონტრაქტის განსახილველად დრო ითხოვა: ”ის ძალიან მოტივირებულია და მატჩებისთვის ძველებურად ემზადება. მას ყველაფერი წესრიგში აქვს, ჩვენ კი უბრალოდ უნდა დავიცადოთ. ვფიქრობ, რომ ის დარჩება” – განაცხადა ჩავიმ და დაამატა: ”პეპმა თვითრწმენა მოგვცა. ის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩვენ ძალიან მოგვწონს ამ სპეციალისტთან მუშაობა”.
თავს უკეთ გრძნობს
მას შემდეგ, რაც ჩავიმ ტრავმის გამო ”ბაიერთან” შეხვედრა გამოტოვა ”ვალენისიასთან” მატჩში ბოლო წუთებში შეცვლაზე შევიდა და გოლის გატანაც შეძლო: ”თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. უკვე თითქმის ბოლომდე აღვიდგინე ძალები და ვფიქრობ, რომ ”ატლეტიკოსთან” მატჩისთვის 100 პროცენტით ვიქნები მზად” – განაცხადა ფეხბურთელმა დასასრულს.
