–იცით თქვენ რა გზა უნდა გამოიაროს ადამიანმა, რათა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს?
–დიდი არაფერი. მთავარია ბავშვი ნიჭიერი იყოს და როდესაც გაიზრდება, მისგან აუცილებლად კარგი სპორთსმენი დადგება.
–არ ხართ მართალი…
–რატომ? ე.ი. ნიჭი არ არის მთავარი?
–რა თქმა უნდა არის, მაგრამ არა ყველაზე მთავარი.
–არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ ან ამბობთ, მაგრამ აბა დამისახელეთ უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც პატარობაში უნიჭო იყო.
–ვერ გამიგეთ. ნიჭი მნიშვნელოვანია, თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრი რამ არსებობს.
–მაინც?
–მაინც ის, რომ აუცილებელია კარგი პირობები ოჯახში. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებს სურდეთ ბავშვის ფეხბურთელობა. პატარა ბიჭისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მისი მთელი ცხოვრება შეცვალოს.
–მართალი ბრძანდებით, მაგრამ…
–რა მაგრამ? მისმინეთ და ყველაფერს მიხვდებით…
სიცილი, ბედნიერება…
ყველაფერი ამით დაიწყო. ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა, რომელიც ძალიან ჰგავდა მამას. იგი ისეთი ლამაზი იყო, რომ ყველას პირველივე დანახვაზე შეუყვარდა. შეიყარნენ ნათესავები. პატარას სანახავად მისი პაპაც კი მივიდა, რომელიც ძალიან სერიოზული და ჯმუხი კაცი გახლდათ. მის სახეზე სიცილს ვერასოდეს ნახავდით, ღიმილს კი–იშვიათად. სწორედ ეს იშვიათობა მოხდა იმ დროსაც. ოჯახში ყველაზე უფროსი ადამიანი თან ტიროდა და თან სახე სიამოვნებით ევსებოდა. ის, რაც იქ მოხდა ენით აღუწერელია…
აუცილებელია დალოდება…
თვეები გადიოდა. ბავშვი მშობლებთან ერთად სახლში ბედნიერად გრძობდა თავს. მამა და დედა მას ძალიან თბილად ეპყრობოდნენ. ეს იყო უკვე ბავშვის წესივრად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ცოლ–ქმარი ყველაფერს იწერდნენ. ინიშნავდნენ, თუ როდის გადადგა მათმა შვილმა პირველი ნაბიჯები, როდის წარმოთქვა პირველი სიტყვები… სხვათა შორის პირველი სრული წინადადება, რაც პატარამ თქვა, იყო: “დედა, მე შენ მიყვარხარ…”
და აი მეც…
ძალიან ცხელი ზაფხული. დიდი ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა მარკის ავტომობილები “დაქრიან”. ერთ–ერთ მანქანაში დაახლოებით 6–7 წლის ბიჭი ზის და ფიქრობს: “რა მოხდება, რომ ვერ გამიგონ?” მას ეშინია, რომ მშობლებს მისი არ სწამთ და არ მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. არ მისცემენ ოცნების ახდენის უფლებას. შეიძლება მათ იფიქრონ, რომ ბავშვს არ შესწევს ამის გაკეთების უნარი და ძალა.
–მამა, შეიძლება გავჩერდეთ?
–რატომ შვილო?
–ტუალეტში მინდა.
ნახე, ამას როგორ ვაკეთებ…
–მეცადინეობა დავამთავრე. უნდა გავიქცე, თორემ დამაგვიანდება.
–არ მესმის რა მოგწონს ამ ფეხბურთში?
–დედა შენ არ გესმის. ფეხბურთი უბრალოდ გართობა არ არის. ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია.
–აი შენ მაგ სიტყვებს წლების შემდეგ გაგახსენებ, როდესაც უკვე დიდი იქნები.
…
–ღმერთო ჩემო, რა გჭირს სახეზე?
–არაფერი ისეთი. უბრალოდ თამაშისას წვიმა წამოვიდა და მინდორზე ფეხი ამისრიალდა და წავიქეცი.
–კიდევ არაფერი? ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ყველაფერს მამას მოვუყვები.
–უთხარი, დარწმუნებული ვარ გამიგებს.
იმოქმედე, შენი დრო მოვიდა…
გაახილა თვალები. საათს შეხედა: 8:08, დააგვიანდა. დღეს ხომ თამაში აქვს. იქნებ დედამისის სიტყვებმა იმოქმედა მასზე და საბოლოოდ შესძულდა ფეხბურთი? ფეხბურთი, რომელიც ხალხს ცხოვრების საუკეთესო წუთებს და საათებს ატარებინებს. გავიდა 5 წუთი, შემდეგ 10. კვლავ არ უნდა ადგომა. შეიძლება ამის მიზეზი ზამთარიცაა, რადგან გარეთ ძალიან ცივა. მან ძილის შებრუნება სცადა, დახუჭა თვალები და… და მოხდა ისეთი რამ, რასაც აქამდე მხოლოდ ფილმებში თუ ნახავდით: იგი მხოლოდ მწვანე ფერს ხედავდა; გრძნობდა ცვრიანი ბალახის სუნს… მას გონება გაუნათდა.
–ალო, ალო, თავისუფალი ტაქსი გყავთ?
ახალი, უფრო საინტერესო ცხოვრების დასაწყისი…
სტადიონი გაივსო მისი ნათესავებით, მშობლებით, დებით, ძმებით… ასევე თამაშზე მისული იყო ცოლიც. რამდენიმე წუთი, ყველა ადამიანი თავისთვის ფიქრობდა და ყველა მათგანს უჩნდებოდა ერთი და იგივე კითხვა: “რატომ ის?” პასუხად კი, თავად ფეხბურთელი გონებაში ამბობდა: “იმიტომ, რომ მე ეს დავიმსახურე…”
–ახლა რაღას მეტყვით, ჩემო ბატონო? ეს ჩემი შექმნილი პატარა ისტორია ყველა ფეხბურთელს გადახდა თავს. თურმე მარტო ნიჭი არ ყოფილა მიზნის მისაღწევად საკმარისი.
–…(დუმილი)…
