გუშინდელი ჯახის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა მატჩის შესახებ.
“ყოველთვის ძნელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის დაცვაშიც 9 ფეხბურთელი დგას. ასეთ შემთხვევაში რთულია თავისუფალი ადგილის მოძებნა. ჩვენ, მთელი მატჩის 77% ვფლობდით ბურთს, თუმცა მაინც ვერ მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო 80 000 გულშემატკივარს, რომელიც “კამპ–ნოუზე” იმყოფებოდა და მხარს გვიჭერდა. “სევილიაც” აუცილებლად უნდა შევაქოთ უკანა ხაზში კარგად ასპარეზობისთვის. მათი გოლკიპერი ხავი ვარასი, უდავოდ საუკეთესო იყო. ეს შეხვედრა მის კარიერაში ერთ–ერთი ბრწყინვალე გახლდათ. ასევე ვულოცავ ვიქტორ ვალდესსაც, რომელიც დიდი ხანია საკუთარ მოედანზე თამაშისას გოლს არ უშვებს. რაც შეეხება მესის, ის ფსიქოლოგიურად ძლიერი ფეხბურთელია. არ ვღელავ იმის გამო, რომ მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლეომ კოპა ამერიკაზეც ვერ გაუტანა პენალტი ურუგვაის, მაგრამ არაუშავს, ასეთებიც ხდება. მე ყველას ვაფასებ, ვინც ბედავს და მიდის პენალტის ნიშნულთან ამ მართლაც სანერვიულო საქმის შესასრულებლად. მომხდარ ინციდენტზეც ვიტყვი ორ სიტყვას. არ ვიცი რა მოხდა ფაბრეგასსა და კანუტეს შორის, თუმცა ტყუილად დრო არ დაკარგოთ და სესკს არაფერი ჰკითხოთ, არ მგონია მან რაიმე გითხრათ. ჯობია წახვიდეთ და ყველაფერი ფედერიკს ათქმევინოთ.” –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა “AS”.
