ხავი: "ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა" (წიგნი, ნაწილი 6)

ხავი: "ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა" (წიგნი, ნაწილი 6)

ჩემი პირველი ნაბიჯები ნაკრებში იყო 17 წლამდე გუნდში, რომელსაც თეოდორ ნიეტო წვრთნიდა. მას შემდეგ, რაც ნახეს ჩემი თამაში ამხანაგურ მატჩში კატალონიის ნაკრებსა და ტენერიფეს შორის, გადაწყდა, რომ ნაციონალურ ნაკრებში უნდა მეცადა ძალები.

პირველი დიდი ტურნირი იყო "მერიდიანის თასი" პორტუგალიაში. ფინალში ვეთამაშეთ ნიგერიას, არანაირი პოლემიკა, მაგრამ აფრიკელთა გამარჯვების გოლი იყო საფეხბურთო წესების დარღვევით გატანილი. შემდეგ დადგა დრო 17 წლამდე ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატისა, ეგვიპტეში. კოლექტივში ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ამ ჩემპიონატზე მე წავიდოდი. ნაკრებს წვრთნიდა სანტისტებანი, ხოლო ფეხბურთელები ერთმანეთში ძალიან კარგად იყვნენ შეთამაშებულნი, რადგან მათ აკავშირებდათ რამდენიმე წლიანი თანაასპარეზობა. იქ მე გავიცანი იკერ კასილასი. ნახევარფინალში დავმარცხდით განის ნაკრებთან და ტურნირი დავასრულეთ მესამე ადგილზე. ბრინჯაოსათვის ჩვენ დავუპირისპირდით გერმანიის ნაკრებს და დავამარცხეთ ისინი 2-1. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემი პარტნიორი დუბლებში სერხიო სანტამარია. 

ორი წლის შემდეგ, 1999 წლის აპრილში დადგა 20-წლამდე მუნდიალის დროც, რომელიც ნიგერიაში ტარდებოდა. ინიაკი საესმა შეკრიბა თავისი თავკაცობით ახალგაზრდა, ამბიციური და ძლიერი გუნდი. "ვეფხვს" უსიტყვოდ სჯეროდა თავისი ბიჭების. ინიაკის ეს ზედმეტსახელი შეარქვეს ზუსტად მისივე საუბრის გამო, რადგან ის ყოველ წინადადებაში იხსენიებდა ამ ცხოველს. "ვეფხვო, როგორ ხარ?" "ვეფხვო, ყველაფერი წესრიგშია?", "ვეფხვო, დღეს უნდა მოვიგოთ" და ასე იყო ყოველთვის - ვეფხვი, ვეფხვი, ვეფხვი...

ინიაკი იყო ძალიან წყნარი ადამიანი. მამაჩემის და ჟოან ვილას შემდეგ ის მიმაჩნია ჩემს მესამე უმთავრეს მასწავლებლად. ყველა ადამიანთან პოულობდა საერთო ენას, ასწავლიდა მათ ყვლაფერს და უზიარებდა თავის გამოცდილებას. ტაქტიკური განხილვებით ის არ გვტვირთავდა. მისი უმთავრესი მიზანი იყო, რომ ყველას ეთამაშა სათამაშო დისციპლინის დაცვით და მდგარიყო იმ პოზიციაზე, სადაც კლუბში უწევდა თამაში. მოკლედ, ის იყო პირდაპირი. საესის უყვარდა განლაგება 4-2-3-1. სტანდარტებს დიდ ყურადღებას აქცევდა. ვამუშავებდით გათამაშების ოთხ სხვადასხვა ვარიანტს, ხოლო სხვა დანარჩენს ვაკეთებდით ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ინიაკისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ამეწყო. იგი ფლობდა პედაგოგიურ ტალანტს, რაც აუცილებელია ახალგაზრდებთან მუშაობისას.

ტურნირი დავიწყეთ მატჩით უძლიერესი ბრაზილიის წინააღმდეგ. მათ შემადგენლობაში იყო ბიჭუნა, რომელიც მთელ ტრიბუნებს პირღიას ტოვებდა. მას ერქვა რონალდო. ცოტა ხანში მსოფლიო მას გაიცნობს ზედმეტსახელით - რონალდინიო. გაბრის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე გავიმარჯვეთ ანგარიშით 2-0. მე, გაბრი და ბერმუდო ვიყავით "ბარსელონას" წარმომადგენლები ნაკრებში.

შემდეგი მატჩი ჯგუფში იყო ზამბიასთან, რომელიც ფრედ დასრულდა და ჩვენ გავინაღდეთ გასვლა პლეი-ოფ-ში დავამარცხეთ რა ჰონდურასის ნაკრები (3-1).

1/8 ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე იყო აშშ-ს ნაკრები, მათი დამარცხება კი ძალიან გაგვიჭირდა. საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 3-2 ჩვენს სასარგებლოდ, მე კი გოლი გავიტანე.

შემდეგი არის განა. გუნდი, რომელიც, აშკარად შედგებოდა ნამდვილი მამაკაცებისაგან, ვიდრე ბავშვებისაგან. ყველაზე დაბალის სიმაღლე იყო 1,75 მეტრი. დავუბრუნდები თამაშს და ვიტყვი, რომ ეს იყო ტურნირის ყველაზე დატვირთული მატჩი. თამაშის შემდეგ უბრალოდ არაფრის ძალა აღარ გაგვაჩნდა. წავაგავდით გაწურულ ლიმონებს. ჩვენმა ნაკრებმა ბარკეროს 11 მეტრიანის წყალობით გახსნა ანგარიში. თუმცა აფრიკელებმა თავიანთი გულშემატკივრების გარემოცვაში, მატჩის მიწურულს გაათანაბრეს. დამატებით დროში, მიუხედავად კაცნაკლული მოწინააღმდეგისა, ანგარიში არ შეცვლილა და თამაში მივიდა პენალტების სერიამდე. პენლები გრძელდებოდა მანამ, სანამ სტადიონზე ცოტა ხნით დენი არ გაითიშა. ჩამობნელდა და 13-14 წუთის მანძილზე ჩვენ შევისვენეთ. მატჩი განახლდა, კარში ჩადგა იკერი და მოწინააღმდეგის დარტყმული მოიგერია. დასრულდა, გავიმარჯვეთ!

გამარჯვება კარგად ვერც ვიგემეთ. მინდა გითხრათ, რომ იმ დროისათვის ნიგერიაში ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ქვეყანამ ძლივს უმასპინძლა ჩემპიონატს და განცდილი მარცხის შემდეგ ატყდა ბუნტი. არ იყო ნორმალური პირობები. აფრიკაში ჩასვლის შემდეგ, გუნდის ყოველმა წევრმა დაიკლო წონაში საშუალოდ 3-4 კილოგრამი. ვცხოვრობდით რაღაც სოფელში, სადაც სახლებში დაძვრებოდნენ ვირთხის ზომის ხვლიკები. ძალიან ცხელოდა. იყო აპრილი, ტემპერატურა 40 გრადუსი და ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გვეთამაშა შუა დღის 3 საათზე.

ასეთი პირობების შემყურეებმა და ნახევარფინალში თამაშით განაღდებულებმა გადავწყვიტეთ გვენახა ინიაკი და კარლოს ლორენსანო, რომელიც იმყოფებოდა ნიგერიაში, რათა ენახათ ჩვენი გამოსვლები. მოკლედ, გვსურდა გვესაუბრა გაუსაძლის პირობებზე და ესპანეთში დაბრუნებაზე. კაპიტანი ორბაისი იყო ჩვენი პარლამენტარი. საბოლოოდ კი თითქოს საუბარი არც ყოფილა. ლორენსანო გაბრაზდა. გვითხრა, რომ ვაკეთებთ შესანიშნავ საქმეს, მივაღწიეთ ამდენს, ახლა კი გვსურს უკან დაბრუნება. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და არა საბავშვო ბაღი. ამ სიტყვების შემდეგ კაციშვილი ხმას ვეღარ ვიღებდით.

ნახევარფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე იყო მალის ნაკრები, აქ თამაშობდა სეიდუ კეიტა, რომელიც იმ მომენტში მარსელის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა. ვარელას ორი გოლი, ერთიც ჩემი და ჩვენ ორივე ფეხით ფინალში ვართ, სადაც გვიწევდა იაპონიასთან დაპირისპირება. გადამწყვეტ მატჩში მოწინააღმდეგე დავამარცხეთ ანგარიშით 4-0. 

ფინალამდე ჩვენთან ოთახში, რომელშიც მე და გაბრი ვიყავით, შემოვიდა დოქტორი გუილენი და გვითხრა, რომ ყური მოკრა ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ორს შორის დასახელდებოდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. თუმცა ეს იყო უდიდესი საიდუმლო. თავიდან არ გვჯეროდა, თუმცა მერე ნელ-ნელა გავაანალიზეთ, რომ ფინალის შემდეგ საპატიო გვარებში ერთ-ერთი ჩვენგანის გვარი დასახელდებოდა. წარმოიდგინეთ როგორ გაგვიკვირდა, როდესაც დაჯილდოებაზე გავიგონეთ სეიდუ კეიტას გვარი. ესპანეთის დელეგაცია გაკვირვებული დარჩა. დავტოვეთ დარბაზი და წავედით სასტუმროს რესტორანში პიცის საჭმელად. შემდეგ იქ მოვიდნენ მიშელ პლატინი და ვაშინგტონ ტაბარესი, რომლებიც მსაჯთა კომისიაში შედიოდნენ, და გვთხოვეს პატიება, რადგან ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისინი აქ უძლურნი იყვნენ, პრიზი აფრიკელ ფეხბურთელს უნდა გადაცემოდა.

როდესაც დავბრუნდით ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში, სწორედ მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა "ჟურნალისტების ნადირობა", რადგან "ბარახასის" აეროპორტში ასობით ფოტო და ვიდეო კამერა გველოდებოდა. კარგად მახსოვს როგორი დახვედრა მოგვიწყო სამეფო კარმა. "ძალიან მომწონს შენი თამაში" - მითხრა და ხელი ჩამომართვა ხუან კარლოს პირველმა.

ინიაკი საესთან კიდევ მომიწია მუშაობა, უკვე პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა წარმატება ჩემს მხარეს არ ყოფილა. ალბელდას და ბარახას წყვილმა ჩემპიონატში დიდი ყურადღება მიიქცია, რის გამოც მე სათადარიგოზე ვიჯექი. ძალიან მეწყინა, რომ მოედანზე ერთი წუთითაც ვერ გავედი. ტურნირისათვის ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, რადგან მიმდინარე სეზონი "ბარსელონაში" შესანიშნავად ჩავატარე, კლუბში სადაც ჩემი სჯეროდათ და იმედებს ამყარებდნენ. თუმცა სათადარიგოზე ჯდომით არამარტო მე გავბრაზებულვარ. თეოდორო ნიეტო, ადამიანი, რომელმაც ნაკრების კარი გამიღო, იმ დროს მუშაობდა ანალიტიკოსად ნაკრების შტაბში, აგროვებდა ვიდეო მასალას და შემდეგ შეისწავლიდა მას. მან გამოხატა პრეტენზია გასაგებად:

- არ მესმის, რატომ არ ათამაშებენ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველს!

- მეგობარო, აბა შენ ყოფილხარ მეოცნებე. - ვპასუხობდი მე

- შენ უბრალოდ არაფერი გესმის. როდესაც შენ გაგიშვებენ, ყველაფერს მიხვდბი.

წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია! გარშემო ყოველთვის მყავდა ხალხი, რომლებსაც ჩემი მეტად სჯეროდათ ვიდრე მე საკუთარი თავის. ერთ-ერთი ასეთი იყო ანტონიო კამაჩო. პირველი ადამიანი, რომელიც ნაკრებში გამუდმებით მიძახებდა. პირველ რიგში გამაკვირვა იმან, რომ კამაჩო მუდმივად გვავარჯიშებდა ბურთის კონტროლზე და კვადრატის თამაშზე. ის იყო მომთხოვნი, მაგრამ ყოველთვის შეეძლო კოლექტივთან საერთო ენის გამონახვა. მახსოვს, რომ "ბარსაში" საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა, მის განაცხადში კი ყოველთვის იყო ჩემი და პუიოლის ადგილი.

პირველად გამომიძახა 2000 წლის ნოემბერში. ამის შესახებ ტელევიზორში გავიგე. აქამდე არც კი ყოფილა საუბარი ჩემი გამოძახების შესახებ, თუმცა პრესის საშუალებით ვიცოდი, რომ შესაძლო ვარიანტად განვიხილებოდი. მან წაგვიყვანა პუიოლი და მე. ის მატჩი იყო ჰოლანდიის წინააღმდეგ, რომელსაც იმ დროისათვის უკვე ვან გაალი ედგა სათავეში.

ამის შემდეგ გამოძახებები გრძელდებოდა, მაგრამ როდესაც გუარდიოლამ მოირჩინა ტრავმა, ისინი შეწყდა. თუმცა გუარდიოლამ ვერ მოასწრო კორეაში და იაპონიაში გასამართ მუნდიალამდე ფორმის აღდგენა და კამაჩომ კვლავ გამომიძახა მე. ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი! დიდი პატივია!

იქ ვითამაშე 3 მატჩში. სლოვენიასთან მე მოედანზე არ გამოვსულვარ, შემდეგ იყო 20 წუთი პარაგვაისთან და 90 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. 1/8 ფინალში ირლანდიის წინააღმდეგ მე არ ვითამაშე, მაგრამ ვიყავი ერთ-ერთი პენალტისტი მეოთხედფინალში სამხრეთ კორეასთან.

კამაჩო გვიცავდა ყველანაირი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან, რომელიც ყველგან თან გვახლდა. აქარწყლებდა მას რაიმე ხუმრობით ვარჯიშებზე. მაგალითად... გვყოფდა ორ გუნდად, მოგებული გუნდი აკეთებდა კორიდორს და წაგებულ გუნდს "წკიპურტებით" აჯილდოებდა. ამ მწვრთნელთან ძალიან კარგი კონტაქტი მქონდა. იგი მუშაობდა სამართლიანად, იცავდა დისციპლინას და გვეპყრობოდა დიდი პატივისცემით. შეეძლო გადასულიყო აგრესიულ მოქმედებაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს უკვე გარდაუვალი იყო.

დასანანია, რომ ტურნირს დავემშვიდობეთ 1/4 ფინალში, ვინაიდან ძალიან კარგი კოლექტივი ჩამოგვიყალიბდა. სწორედ ამ კოლექტივს შეეძლო მეტის მიღწევა. ისეთი ხალხი, როგორებიცაა: იერო, დე პედრო, კანისარესი, ვალერონი და ლუის ენრიკე, იმსახურებდნენ გაცილებით მეტს.

ხავი: "ჩემი ცხოვრება - ეს ბარსელონაა" (წიგნი, ნაწილი 5)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.