როგორ მივიღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

როგორ მივიღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. 2021 წლის 24 იანვარს გადაწყდება, რა მიმართულებით განვითარდება კლუბი და საერთოდ განვითარდება თუ არა.

რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს სურს, მათ შორის თქვენც, თუმცა 2 ამბავი გვაქვს - ერთი ცუდი და ერთიც კარგი.

საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემაზე ზრუნვა ან ძალიან დააგვიანეთ, ან ძალიან ადრეა. მესამე ვარიანტია, რომ ამაზე ზრუნვა მინიმუმ 4 წლის წინ დაიწყეთ და წელს უკვე გაქვთ უფლება ხმა მისცეთ, მაგრამ კორონავირუსის გამო ესპანეთში ჩასვლას და ხმის მიცემას მაინც ვერ ახერხებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, 2021 წლის 24 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ!

თუმცა, თუ თადარიგს დაიჭერთ, მომდევნო არჩევნებში ხმას მისცემთ და ხელს სხვა პრივილეგიებსაც გამოჰკრავთ.

პრივილეგიები

რა უპირატესობა აქვთ "ბარსელონას" კლუბის წევრებს? (Socio). გთავაზობთ პრივილეგიების არასრულ ჩამონათვალს:

  1. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება;
  2. ყოველწლიურ კონგრესებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის მიცემის უფლება;
  3. ფასდაკლება თამაშების ბილეთებზე;
  4. ფასდაკლება ოფიციალურ მაღაზიაში;
  5. ფასდაკლება "კამპ ნოუსა" და მუზეუმის ტურზე;
  6. "კამპ ნოუს" წლიური აბონემენტის შეძენის უფლება;
  7. "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის დაარსების უფლება;
  8. "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება;
  9. "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოში არჩევის უფლება (ვიოცნებოთ);
  10. Barca TV+ უფასოდ;
  11. გადმოგეცემათ ოფიციალური ბარათი, კლუბის წესდება, პრეზიდენტის მისასალმებელი წერილი და დიპლომი;
  12. "ბარსელონას" სხვადასხვა ციფრული პროდუქტები უფასოდ, ან ფასდაკლებით;
  13. "ბარსელონას" სხვადასხვა აქციებსა და გათამაშებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

როგორ გავხდე კლუბის წევრი

მივადექით მთავარ საკითხს - როგორ გავხდე კლუბის წევრი?

დაახლოებით 10 წლის წინ ეს საკმაოდ მარტივი იყო - ამისთვის მხოლოდ სურვილი, ფინანსური შესაძლებლობები და "ბარსელონაში" ჩასვლა იყო საჭირო. მოგვიანებით წესები ძალიან გამკაცრდა - 3 წელი ლოდინი და თან ყოველ წელს ბარსელონაში ჩასვლა და წლიურად დაახლოებით 180 ევროს გადახდა.

დღეს პროცედურა შედარებით გამარტივებულია, მაგრამ დროში მაინც გაწელილი.

რამდენიმე წლის წინ "ბარსელონაში" გაწევრიანების მხოლოდ 2 გზა არსებობდა: 1) თუ შენი ახლო ნათესავი (მშობელი, შვილი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, მეუღლე, შვილობილი, მშვილებელი, და, ძმა, ბიძა, დეიდა, მამიდა, დისშვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილი) უკვე იყო კლუბის წევრი; 2) თუ აიღებდი სპეციალურ ბარათს (Commitment Card), რომელსაც 3 წლის განმავლობაში "კამპ ნოუს" ოფისში მისვლით გაახანგრძლივებდი და წლიურად დაახლოებით 180 ევროს გადაიხდიდი. დღეს ორივე ეს პროცედურა შენარჩუნებულია, მაგრამ ჩვენთვის გაჩნდა მესამე, უფრო მარტივი გზა (ესეც თავში შეპირებული კარგი ამბავი).

დღეს Commitment Card-ის ნაცვლად შეგიძლიათ ისარგებლოთ Penyista Card-ით, რომლის აღებაც საქართველოშია შესაძლებელი. Commitment Card-ის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც 3 წელი ლოდინი მოგიწევთ, მაგრამ ამ ბარათს რამდენიმე უპირატესობა მაინც აქვს: 1) ბარსელონაში ჩასვლა გიწევთ მხოლოდ ერთხელ, 3 წლის გასვლის შემდეგ, კლუბში საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ბარათები იგზავნება თბილისში და ადგილზე აიღებთ; 2) ყოველწლიური გადასახადი 180 ევროს ნაცვლად სრულწლოვან პირზე არის 40 ლარი; 3) ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგიების ნაწილით შეგიძლიათ კლუბში გაწევრიანებამდეც ისარგებლოთ (Penyista Card-ის პრივილეგიები).

როგორ ავიღო Penyista Card?

ჩვენმა საყვარელმა კლუბმა მარტივი გზა არც აქ დაგვიტოვა. Penyista ბარათებს გასცემს "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბი, საქართველოში ასეთი ერთადერთი ფანკლუბი არსებობს - Penya Blaugrana Tbilisi.

ვინაიდან "პენია ბლაუგრანა თბილისი" არაა დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ის "ბარსელონას" მიერ დაწესებულ რეგულაციებს ემორჩილება, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც თან გარკვეული შეზღუდვები ახლავს. "ბარსელონა" ითხოვს ყოველი წლის წევრების სია გადაეგზავნოს წინა წლის ოქტომბრის ჩათვლით. ანუ, 2021 წლის წევრების მიღება უკვე დასრულებულია და გადაგზავნილია "ბარსელონაში", საიდანაც ველოდებით 2021 წლის ბარათების ჩამოსვლას. მომდევნო გეგმიური გაწევრიანება დაიწყება 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც 2022 წლის წევრების მიღება მოხდება. თუმცა, "ბარსელონა" მუშაობს იმაზე, რომ ეს პრინციპი შეიცვალოს და გულშემატკივრებს ფანკლუბში გაწევრიანება წლის მიმდინარეობის დროსაც ჰქონდეთ.

შეჯამება

დასკვნის სახით, ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია:

იმისათვის, რომ "ბარსელონას" 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში (სწორედ ამ წელს გაიმართება მომდევნო არჩევნები) მონაწილეობა მიიღოთ, საჭიროა, რომ პროცედურები ყველაზე გვიან 2022 წელს დაიწყოთ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ 2026 წლის დასაწყისისთვის თქვენ უკვე კლუბის წევრი იქნებით, ერთი წლის შემდეგ კი არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც გექნებათ.

რას ვიზამთ - "ბარსელონას" გულშემატკივრობა ადვილი არაა!

P.S. უფრო მარტივი გზები

ან შეგიძლიათ ცოლად გაყვეთ/ცოლად მოიყვანოთ კლუბის წევრი, იშვილოთ ან ეშვილოთ მას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 29 დეკემბერი 2020 18:45
    0
    ლაპორტა მიშვილეე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 28 დეკემბერი 2020 20:08
    3
    ვერაფერი ვერგავიგე მარა მადლობა მაინც laughing heart_eyes
    ფანი [?]
    #2 28 დეკემბერი 2020 20:05
    0
    ოპაა :დ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    ფანი [?]
    #1 28 დეკემბერი 2020 19:55
    0
    აუცილებლად უნდა გავხდე , კლუბის წევრი რა იცი რა ხდება