ზაფხულში "ბარსელონა", შესაძლოა, უნსუემ ჩაიბაროს
"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ხუან კარლოს უნსუე გახდეს, რომელიც ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
კატალონიელები რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, მათ შორის კი ფავორიტად ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ითვლება.
თუმცა, "ბარსელონაში" ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ გუნდის მწვრთნელი კლუბს შიგნიდან უნდა იცნობდეს, ესმოდეს მისი ფილოსოფია და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ, სადაც "ბარსელონამ" პსჟ 6:1 გაანადგურა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ხუან კარლოს უნსუეს პოზიციები გამყარდა.
49 წლის სპეციალისტი არა მხოლოდ მწვრთნელია სტანდარტების მიხედვით, არამედ მატჩების დროს ფეხბურთელებს ლუის ენრიკეს მოთხოვნებს აწვდის.
უნსუე გოლკიპერი იყო და 1988-1990 წლებში, "ბარსელონას" მაისურით რამდენიმე მატჩი ჩაატარა. შემდეგ ის ფრანკ რაიკაარდისა და ხოსეპ გვარდიოლას დროს მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა. უნსუე კლუბში 2014 წლის ზაფხულში, ლუის ენრიკესთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც "სელტაში" ეხმარებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]