ბარსელონას პირველი შენაძენი, შესაძლოა, კუნდე იყოს | MD ბარსას სატრანსფერო გეგმებზე

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებზე წერს.
ლევი, კუნდე, ბერნარდუ
როგორც ცნობილია, ამ ზაფხულში "ბარსელონას" მთავარი სამიზნეები რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე და ბერნარდუ სილვა არიან.
კუნდე | წყაროს ცნობით, აღნიშნულ ფეხბურთელს შორის პირველი, რომლის ტრანსფერიც განხორციელდება, შესაძლოა, ფრანგი მცველი იყოს.
"სევილია" "ბარსასგან" სათანადო შემოთავაზებას ელის და 60 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერში მოთამაშის ჩართვას შეძლებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიურ კლუბს სერჟინიო დესტი მოსწონს. ჟოან ლაპორტას სევილიელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც "ბლაუგრანას" უპირატესობას აძლევს.
*COPE-ს თანახმად, კუნდესთან დაკავშირებით "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ოფიციალური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ჟიული დაცვის გასაძლიერებლად "ბარსას" მთავარი სამიზნეა.
ლევანდოვსკი | "ლურჯ-ბროწეულისფერები" აპირებენ, რობერტი 12-15 ივლისამდე მოიყვანონ. ჩავი ერნანდესს სურს, პოლონელი თავდამსხმელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ პრესეზონამდე (16 ივლისი) გაიფორმოს.
ბერნარდუ სილვა | "ბლაუგრანას" პორტუგალიელს შეთავაზებას ფრენკი დე იონგს გაყიდვის შემდეგ გაუკეთებს. ბერნარდუს ტრანსფერი სწორედ ნიდერლანდელზეა დამოკიდებული. თუ ის დარჩება, სილვა "ბარსაში" აღარ გადმოვა.
მას შემდეგ, რაც სატელევიზიო უფლებების გასხვისებით ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, "ბარსელონა" 30 ივნისამდე ფეხბურთელების გაშვებას აღარ იჩქარებს. ბერნარდუ სილვას გარემოცვა 15 ივლისამდე დიდ სიახლეებს არ ელის.
წამსვლელთა სია
მოთამაშეები, რომლებსაც კლუბმა უკვე შეატყობინა, რომ წასვლა მოუწევთ, არიან:
- სამუელ უმტიტი
- რიკი პუჩი
- ოსკარ მინგესა
- მარტინ ბრეითუეიტი
- ნეტუ
- კლემან ლანგლე
- მირალემ პიანიჩი
- ფრანსიშკუ ტრინკაუ
თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ ამ ფეხბურთელებთან კომუნიკაციის შემდეგ მთელი 1 თვე გავიდა, ყველა მათგანი ჯერ კიდევ გუნდშია. ზოგმა წასვლაზე თანხმობა განაცხადა, ზოგს კი კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა სურს.
ფერან ჟუტგლას, დანი ალვესის, ლუკ დე იონგისა და ადამა ტრაორეს "ბარსელონური" კარიერა უკვე დასრულდა.
მინგესა | ოსკარ მინგესა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც "ბარსამ" წასვლა სთხოვა, რაზეც ესპანელი წინააღმდეგი არაა. ის ახალ კლუბს ეძებს და რამდენიმე წინადადებას განიხილავს. "ბარსა" ოსკარს მარტივად შეელევა, მაგრამ 5 მილიონამდე სურს.
უმტიტი | სახელფასო ფონდის შესამცირებლად კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების მიუხედავად, ცხადია, რომ ფრანგი "ბარსელონაში" არ დარჩება. მაგრამ, მისი ხელფასი და ცუდი ფიზიკური კონდიციები ტრანსფერს ართულებს.
პუჩი | რიკის წარმატების მიღწევა "ბარსაში" უნდოდა, მაგრამ ჩავიმ მას გარკვევით უთხრა, რომ გუნდის გეგმებში არ შედის. მისთვის ახალი კლუბის ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.
ბრეითუეიტი | წასვლაზე უარს ყველაზე მეტად სწორედ დანიელი აცხადებს. ის ამბობს, რომ გუნდში დარჩენა ხელშეკრულების ამოწურვამდე (2024 წლამდე) სურს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, თამაში არ მოუწევს. კლუბში მისი საქციელი ძალიან არ მოსწონთ.
ნეტუ & ლანგლე | მაღალი ანაზღაურების გამო მათი გაშვება საკმაოდ რთულია. ფრანგ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და წასვლაზე უარს არ იტყვის.
პიანიჩი & ტრინკაუ | ორივე მათგანის გასხვისება გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. ამ მომენტისთვის ფრანსიშკუს მომავალი უფრო ნათელია, ვიდრე ბოსნიელი ნახევარმცველის.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 25 ]