კრისტენსენის მომავალი უილიამსის ტრანსფერისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს
"ბარსელონას" ამ ზაფხულს აქტიური მოქმედება სჭირდება სატრანსფერო ბაზარზე, რათა სექტემბრამდე სასურველი შენაძენების გაფორმება მოასწროს. ჟოან გარსია უკვე შეუერთდა გუნდს, ხოლო იმედი არსებობს, რომ მას ნიკო უილიამსიც მოჰყვება. თუმცა, უკანასკნელ დღეებში მომხდარმა ცვლილებებმა ტრანსფერის პერსპექტივა გაართულა - გაურკვეველია, შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ფეხბურთელის ლა ლიგაში რეგისტრაციას ზაფხულის დასრულებამდე.
"ბარსელონამ" უნდა გაყიდოს მოთამაშეები ხელფასების სივრცის გასათავისუფლებლად
უილიამსი და მისი აგენტი მოითხოვენ გარანტიას, რომ ის რეგისტრირებული იქნება 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე. ამისათვის კი "ბარსელონამ" ხელფასის ბიუჯეტში ადგილი უნდა გაათავისუფლოს. კლუბში რამდენიმე მოთამაშეა, რომელთა შესაძლო წასვლაც განიხილება - მათ შორის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ანდრეას კრისტენსენი.
გამოცემა Sport-ის ცნობით, სწორედ კრისტენსენი შეიძლება გახდეს ის გადამწყვეტი ფიგურა, რომელიც ნიკო უილიამსის რეგისტრაციის ბედი გადაწყვეტს.
"ბარსელონა" კრისტენსენის გაყიდვას ამჯობინებს
ამჟამად "ბარსელონას" ცენტრალური მცველის პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს: პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და ერიკ გარსია. სპორტულმა დირექტორმა დეკუმ არაერთხელ მიანიშნა, რომ, მათ შორის, ერთ-ერთი გაიყიდება და კრისტენსენი კლუბის მთავარი კანდიდატია - განსაკუთრებით კონტრაქტისა და მაღალი ანაზღაურების გამო.
დანიელმა მცველმა "ბარსელონაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2022 წელს გადმოსვლით საკმაოდ მაღალი ხელფასი მიიღო და რადგან მას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობენ, კლუბს სურს მისი გაშვება ამ ზაფხულს, თუმცა კრისტენსენმა უკვე უარი თქვა წასვლაზე, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის დეკუს სატრანსფერო გეგმებს.
თუ კრისტენსენი გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, "ბარსელონას" ექნება საკმარისი ხელფასის სივრცე, რომ დარეგისტრიროს როგორც უილიამსი, ასევე გარსია. მიუხედავად ინტერესისა სხვადასხვა კლუბების მხრიდან, თუ ფეხბურთელი პოზიციას არ შეიცვლის, რთულია, მისი წასვლა რეალობად იქცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]