ფლიკის გადაწყვეტილება შჩესნიზე – შტეგენის აღშფოთების მიზეზი
"ბარსელონა" ემზადება "ესპანიოლის" მეკარის, ჟოან გარსიას ხელმოწერის ოფიციალურად გასაჟღერებლად. ეს ნაბიჯი შესაძლოა სერიოზულად აისახოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მომავალზე, რომელიც დგას რთული არჩევანის წინაშე - დარჩეს გუნდში სათამაშო დროის გარეშე თუ მოძებნოს ახალი კლუბი.
გაზეთ Sport-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის წინ, მილანში, ტერ შტეგენის აგენტმა კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუს აცნობა, რომ გერმანელი მეკარე ტრავმისგან სრულად განიკურნა და მზად იყო თამაშისთვის.
თუმცა, ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მაინც ვოიცეხ შჩესნი აირჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ეს გადაწყვეტილება ტერ შტეგენის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ მიაღებინათ.
ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულმა ტერ შტეგენმა უარი თქვა მილანში გამგზავრებაზე და "ბარსელონაში" დარჩა, სადაც ინდივიდუალურად ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ ჟიულ კუნდემ, მიუხედავად იმისა, რომ დაშავებული იყო, მაინც იმგზავრა გუნდთან ერთად.
ტერ შტეგენის ეს გადაწყვეტილება "ბარსელონაში" უკვე არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძიმებს და შესაძლოა, კლუბსა და მეკარეს შორის ურთიერთობის საგრძნობლად გაუარესების მიზეზად იქცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]