ესპანეთი 5-4 საფრანგეთი | იამალის დუბლი და პედრის გოლი — “ფურია როხა” ფინალში გავიდა!
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის ნახევარფინალში გამართული საოცარი დაპირისპირება, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 5-4 დაამარცხა.
შტუტგარტში შემდგარი ჯახის პირველ ტაიმში “ფურია როხამ” ნიკო უილიამსისა და მიკელ მერინოს გოლებით, 2-0 იმარჯვა და დომინირებდა.
ესპანელთა დომინაცია გაგრძელდა მეორე ნახევარშიც, რომელშიც ლამინ იამალმა გაიბრწყინა. ტაიმის სტარტზე ლამინმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე შეასრულა და დიდების ფეხბურთში პირველი პენალტი გაიტანა. ამ გოლიდან ერთ წუთში პედრი გონსალესმაც შეაგდო და ანგარიში 4-0 გახდა. კილიან მბაპემ 1 ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ ლამინ იამალმა ფრანგს შესანიშნავი გოლით უპასუხა და ოთხბურთიანი სხვაობა აღადგინა — 5-1. ამის შემდეგ საფრანგეთმა 3 გოლი გაიტანა (რაიან შერკის გასროლა, დანი ვივიანის ავტოგოლი და რანდალ კოლო მუანის თავური) და, მოულოდნელად, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოიგო.
საბოლოოდ, მატჩი 5-4 დასრულდა, მაგრამ, რეალურად, ესპანეთმა საფრანგეთს საგრძნობლად აჯობა, დიდხანს 4 ბურთით უგებდა და გუნდებს შორის მოედანზე იმაზე ბევრად დიდი სხვაობა იყო, ვიდრე ტაბლოზე დაფიქსირდა.
იამალისა და პედრის გარდა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, საფრანგეთის წინააღმდეგ გავიმ და დანი ოლმომაც ითამაშეს, პაუ კუბარსი და ფერმინ ლოპესი კი თადარიგში დარჩნენ.
ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლამინ იამალმა უსმან დემბელეს ურთიერთშეხვედრა მოუგო, რაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
ესპანეთი 5-4 საფრანგეთი
⚽️ 1-0 | უილიამსი 22’ (ესპანეთი)
⚽️ 2-0 | მერინო 25' (ესპანეთი)
⚽️ 3-0 | იამალი 54’ (ესპანეთი)
⚽️ 4-0 | პედრი 55’ (ესპანეთი)
⚽️ 4-1 | მბაპე 59' (საფრანგეთი)
⚽️ 5-1 | იამალი 67' (ესპანეთი)
⚽️ 5-2 | შერკი 79’ (საფრანგეთი)
⚽️ 5-3 | ვივიანი 84’ (საფრანგეთი; ავტოგოლი)
⚽️ 5-4 | კოლო მუანი 90+3’ (საფრანგეთი)

ესპანეთი ფინალში, 8 ივნისს, პორტუგალიას დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ გერმანიას მოუგო. შეხვედრა, რომელიც სტარტს 22:45 საათზე აიღებს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 27 ]