როგორ დაარწმუნა ჩავიმ 15 წლის იამალი ბარსაში დარჩენაში
ლამინ იამალი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი და "ბარსელონას" მთავარი თილისმაა, რომელმაც 16 წლის ასაკში "ბარსას" და ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სხვა გუნდებს, რომლებსაც "ბარსას" ფინანსური კრიზისით სარგებლობა და იამალის ხელში ჩაგდება სურდათ. ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენი" მის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა, რაზეც ცხადია კატალონიელებისგან უარი მიიღო, თუმცა პსჟ-ს იამალის შეძენა უფრო ადრეც სურდა, როცა ეს უფრო მეტად რეალური იყო.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენმა" 15 წლის იამალს ასტრონომიული კონტრაქტი შესთავაზა. "ბარსელონა" კი შიშობდა, რომ ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავდა, ვინაიდან ლამინს 16 წლამდე პროფესიონალური კონტრაქტი გაფორმებული არ ჰქონდა. იამალის დარწმუნებაში გადამწყვეტი როლი "ბარსას" მაშინდელმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ითამაშა.
წყაროს ცნობით, ჩავიმ თინეიჯერ ფეხბურთელს უთხრა, რომ თუ მისი ოცნება "ბლაუგრანაში" თამაში იყო, პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობას პირველივე შანსის გაჩენის შემთხვევაში მისცემდა, სანაცვლოდ კი კლუბთან კონტრაქტი უნდა გაეხანგრძლივებინა. საბოლოოდ, თავისი სიტყვა ორივემ შეასრულა. 2023 წლის 29 აპრილს 15 წლისა და 9 თვის იამალმა "კამპ ნოუზე" "ბეტისის" წინააღმდეგ პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა, 2 ოქტომბერს კი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
ამჟამად იამალს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდია. როდესაც ფეხბურთელი სრულწლოვანი გახდება, კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]