ოქროს ბურთის დაჯილდოება - ბარსა 4 ჯილდოს უმიზნებს
დღეს საღამოს პარიზში France Football-ის 2023/24 წლების სეზონის დაჯილდოება გაიმართება.
გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოვლინდებიან და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "ბარსელონას" წარმომადგენელი არაერთ კატეგორიაში ჰყავს და დიდი ალბათობით ყველაზე მეტ ჯილდოს სწორედ კატალონიელები მიიღებენ.
მთავარ ჯილდოს, "ოქროს ბურთს" რომ "რეალ მადრიდის" ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუსი მიიღებს, ეს უკვე გარკვეულია. "ბარსელონას" მხრიდან ნომინანტებს შორის ლამინ იამალი და დანი ოლმო მოხვდნენ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ შანსი არ აქვთ.
სამაგიეროდ თითქმის გარანტირებული გვაქვს "ოქროს ბურთი" ქალებში. გასულ სეზონში ოთხივე ტიტულის მომგებ "ბარსელონას" ყველაზე მეტი, 8 კანდიდატი ჰყავს, მათგან გამოკვეთილი ფავორიტი კი ჯილდოს მოქმედი მფლობელი აიტანა ბონმატია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, "ბარსელონა" ქალების "ოქროს ბურთს" ზედიზედ მეოთხედ მოიგებს. არცერთ სხვა გუნდს ერთზე მეტი მოგება არ აქვს.
გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოზეც. სეზონის საუკეთესო 10 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ. გასაკვირი იქნება, ჯილდო იამალმა რომ ვერ მოიგოს. ეს იქნება ბოლო 4 წელიწადში მესამე შემთხვევა, როდესაც კოპას ჯილდო "ბარსელონას" ფეხბურთელს შეხვდება. 2021 და 2022 წლებში აღიარება წილად პედრისა და გავის ხვდათ. "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც კოპას პრიზი ერთზე მეტჯერ მოუგია.
"ბარსელონას" ქალთა გუნდმა გასულ სეზონში ოთხივე ტურნირი მოიგო და გასაკვირი არაა, რომ წლის საუკეთესო ქალთა გუნდის წოდებისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ამის გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ ქალთა ფეხბურთში წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის გასულს სეზონში "ბლაუგრანას" დამრიგებელი ხონათან ხირალდესი იბრძვის.
მართალია, მთავარი პრიზი "ბარსელონას" წარმომადგენელს არ შეხვდება, მაგრამ დიდი შანსია, კატალონიელებმა ათიდან 4 ჯილდო დაისაკუთრონ (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალების გუნდი, საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში), რაც საუკეთესო შედეგი იქნება.
ჩვენთვის მთავარი ამბავი კი ისაა, რომ წლის ათ საუკეთესო მეკარეს შორის გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]