ლა მასიელთა ბენეფისი - მოგება მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში და 11 ფეხბურთელის დებიუტი პირველ გუნდში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის შორის ორლანდოში გამართული ამხანაგური შეხვედრა.
მატჩის 24-ე წუთზე ანგარიში პაუ ვიქტორმა (რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა) გახსნა, 39-ე წუთზე კი ნიკო ო'რეილიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს (45+2') პაბლო ტორემ ბარსა კვლავ წინ გაიყვანა.
57-ე წუთზე პაუ ვიქტორი დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმა შტეფან ორტეგამ მოიგერია. მალევე, მე-60 წუთზე კი ჯეკ გრილიშმა სიტის ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრებინა და ძირითად დროში საბოლოო შედეგიც დააფიქსირა: 2-2.
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც "ბლაუგრანამ" 4-1 იმარჯვა. ბარსას 20 წლის მეკარემ, ანდერ ასტრალაგამ 2 პენალტი მოიგერია, კატალონიელებმა კი ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს, მათ შორის, 16 წლის ტონი ფერნანდესმაც, რომელმაც შტეფან ორტეგას აუღელვებლად გაუტანა.
⚽ 1-0, ლევანდოვსკი (ბარსა)
❌ ფილიპსი (სიტი)
⚽ 2-0, დარვიხი (ბარსა)
❌ რაიტი (სიტი)
⚽ 3-0, ბალდე (ბარსა)
⚽ 3-1, ფატაჰი (სიტი)
⚽ 4-1, ტონი ფერნანდესი (ბარსა)
აღსანიშნავია, რომ დღეს ბარსელონას პირველ გუნდში სერჟი დომინგესის, ჟერარ მარტინის, მარკ ბერნალის, პაუ ვიქტორის, ტონი ფერნანდესის, კიმ ჟუნიენტის, ალექს ვალიეს, ანდერ ასტრალაგას, ანდრეს კუენკას, გილიე ფერნანდესისა და ნოა დარვიხის (რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა) დებიუტი შედგა.
ჰანსი ფლიკის გუნდი პრესეზონის ფარგლებში მომდევნო ამხანაგურ მატჩს 4 აგვისტოს, 03:00 საათზე, რეალ მადრიდის წინააღმდეგ გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]