ბარსელონა 1 - 2 რეალ მადრიდი | დასანანი მარცხი ელ კლასიკოში
"ბარსელონამ" სეზონის პირველი "ელ კლასიკო" დათმო. კატალონიური გუნდი ლა ლიგის მე-11 ტურში "რეალ მადრიდთან" 1-2 დამარცხდა.
"ბარსამ" ანგარიში მალევე გახსნა - ილქაი გიუნდოგანმა მეექვსე წუთზე მეტოქის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა და "ბლაუგრანა" დააწინაურა. პირველი ნახევარი "ბარსელონას" უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა გუნდმა მხოლოდ ერთი საგოლე მომენტის შექმნა შეძლო, როდესაც ფერმინ ლოპესმა ბურთი ძელს მოარტყა.
მეორე ნახევრის დასაწყისში კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფრები" დომინირებდნენ, თუმცა "ბარსა" მოეშვა და "რეალ მადრიდმა" საგოლე შანსების შექმნა დაიწყო, 68-ე წუთზე კი ჯუდ ბელინგემის შორეული გასროლით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა, თუმცა შედეგიანი შეტევა მადრიდელებმა განახორციელეს და 92-ე წუთზე ბელინგემის მეორე გოლით მატჩი შემოატრიალეს.
11 ტურის შემდეგ "ბარსა" ლა ლიგაში 24 ქულით მესამე ადგილზეა, ცხრილს 28-28 ქულით "რეალ მადრიდი" და "ჟირონა" ლიდერობენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]