ბარსელონა 3-2 სელტა | კატალონიელთა ბრწყინვალე ქამბექი

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-6 ტურში ვიგოს "სელტას" უმასპინძლა და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.
პირველ ტაიმში "ბარსას" საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ ჰქონია, მეტოქე კი კონტრშეტევებზე სახიფათო იყო და მე-19 წუთზე ანგარიშიც გახსნა: ლუკას დე ლა ტორეს პასით იორგენ სტრანდ ლარსენმა კატალონიელთა კარი აიღო. შესვენებამდე "ბლაუგრანა" ტერ შტეგენმა და ორიოლ რომეუმ არაერთი გოლისგან იხსნეს.
მეორე ნახევარში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ჩავის შეგირდები მომენტებს ვერ ქმნიდნენ, "სელტა" კი კონტრშეტევებზე იყო ჩასაფრებული და ბევრი შანსიც მიიღო. 76-ე წუთზე რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბრწყინვალე კონტრშეტევა ანასტასიოს დუვიკასის გოლით დაასრულა და 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
რამდენიმე დარტყმის მიუხედავად, "ბარსელონა" 81-ე წუთამდე საშინელ მატჩს ატარებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, 8-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა და მაინც მოიგო! 81-ე წუთზე ჟოაუ ფელიშმა რობერტ ლევანდოვსკის შესანიშნავი პასი გაუკეთა, პოლონელმა კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და 1 გოლი გაქვითა. მალევე, ლევანდოვსკიმ ჟოაუ კანსელუს გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, 89-ე წუთზე კი გავის ჩაწოდებას საჯარიმოში კანსელუ დახვდა და "ბარსელონას" მოაგებინა - 3-2!
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა.
⚽️ 19' | 0-1, ლარსენი
⚽️ 76' | 0-2, დუვიკასი
⚽️ 81' | 1-2, ლევანდოვსკი
⚽️ 86' | 2-2, ლევანდოვსკი
⚽️ 89' | 3-2, კანსელუ
შეფასებები:
OptaJose-ს ინფორმაციით, 1998/99 წლების სეზონის შემდეგ "ბარსელონა" ლა ლიგის პირველი გუნდია, რომელიც 81-ე წუთამდე 2 ბურთით აგებდა და მაინც მოიგო.
კატალონიური კლუბი ლა ლიგის მე-7 ტურში, 26 სექტემბერს, გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]