ჩავი ერნანდესი და ორიოლ რომეუ ანტვერპენთან მატჩის წინ

ხვალ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება. კატალონიური გრანდი "ლუის კომპანისზე" "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა და ორიოლ რომეუმ აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
რომეუ:
ძალიან გახარებული ვარ. გუნდში პოზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებთ, ევროტურნირებზე გასულ წლებთან შედარებით უკეთ ვიასპარეზებთ.
გვინდა, ტურნირი კარგად დავიწყოთ, პირველივე ტურიდან ჯგუფის ლიდერები გავხდეთ და მოედანზე ჩვენი დონე ვაჩვენოთ.
ორივე ჟოაუს გუნდში მოსვლა სურდა, ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და გუნდს ძალიან ბევრს აძლევენ.
როდესაც "საუთჰემპტონში" მიდიხარ, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს "ბარსელონაში" ითამაშებ.
ყველამ იცის თავისი როლი. ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც უნდა გავაუმჯობესო და სეზონის მსვლელობასთან ერთად ამას შეამჩნევთ. ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ეტაპობრივად ადაპტაცია უნდა გაიარონ.
დე იონგთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, გახსნილი, კეთილი და მეგობრულია. გასახდელში კარგი სიტუაციაა. ფრენკი მოედანზე არაჩვეულებრივია. ის ბურთს ყოველთვის სწორ პოზიციაში გაძლევს. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
გავი დაუჯერებელი ფეხბურთელია. მის ასაკში მაღალ დონეზე თამაში რთულია.
შემადგენლობა თხელია, მაგრამ მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს. თუ ტრავმები ხელს არ შეგვიშლის, ძალიან კარგი გუნდი გვყავს და საშუალება გვექნება მატჩის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარად ვითამაშოთ.
"ანტვერპენს" ორი კარგი ვინგერი ჰყავს. ისინი პრესინგს კარგად უმკლავდებიან. გუნდი მოგებას შეჩვეულია და ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.
ჩავი:
ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.
ვან ბომელი ("ანტვერპენის" მწვრთნელი) ჩემი ახლო მეგობარია. მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი.
გასულ სეზონში ევროტურნირებზე კარგად ვითამაშეთ, თუმცა ცუდი შედეგები გვქონდა. ახლა კი გუნდი გაძლიერდა და უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროასპარეზზე ბრძოლა შეგვიძლია.
ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. ყველა მონდომებულია და ამის გამო ძალიან ამაყი ვარ.
ფერანმა ზაფხულში მითხრა, რომ კარგი პრესეზონის ჩატარება სჭირდებოდა, ჩვენ კი მას საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მივეცით.
არაუხო შაბათს დაბრუნდება.
კანსელუს მოსვლით სისტემაში არაფერი იცვლება. ადრე მარჯვენა მცველის პოზიციაზე კუნდეს, არაუხოსა და რობერტოს ვიყენებდით, ახლა კი მათ კანსელუ შეემატა.
პედრის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. მნიშვნელოვანია, რომ ის 100%-ით გამოჯანმრთელდეს. ვიმედოვნებ, ის მალე დაბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.
რამდენადაც ვიცი, ბალდე და იამალი კონტრაქტებს მალე გაახანგრძლივებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]